ახალი ამბები

მარგველაშვილი: საზოგადოებამ უმცირესობის ჩაგვრაზე თვალი არ უნდა დახუჭოს

27 იანვარი, 2014 •
მარგველაშვილი: საზოგადოებამ უმცირესობის ჩაგვრაზე თვალი არ უნდა დახუჭოს

“ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ტრაგიკულად დაიღუპა და იმ ადამიანების წინაშე ვინც გვაძლევს გარანტიას, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდება,”- განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

პრეზიდენტის თქმით, ის ბოროტება რაც ადამიანში დევს, შინაგანი დისციპლინითა და სახელმწიფოს დახმარებით უნდა იყოს გაჩერებული და არ მიეცეს ბოროტებას “აყვავების საშუალება”. 

 

“ამ საშინელი ტრაგედიის კვალდაკვალ არც ერთი წამით არ შეიძლება უმრავლესობამ გადაწყვტოს, რომ უმცირესობა რაღაცით მაინც უნდა იყოს დაჩაგრული. ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციას ზოგჯერ”- თქვა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ  საბედნიეროდ არის ჯანსაღი საზოგადოებაც, რომელიც სხვის ჩაგვრას არასდროს მიიღებს. 

 

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს, 27 იანვარს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“- ში, საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ფონდ „ლეა“-ს ორგანიზებით გაიმართა.

 

27 იანვარი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2005 წელს მიღებული რეზოლუციის თანახმად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. 1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის ბანაკის ათასობით ტყვე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი