თეა წულუკიანი შვებულებაში ყოფნის გამო ვერ დაესწრო მთავრობის სხდომას – სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ თეა წულუკიანი მთავრობის სხდომას არ ესწრებოდა, რადგან იგი შვებულებაშია.

ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლების მიერ დასმული მრავალი კითხვის პასუხად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეთანხმებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება შვებულებაში შვილთან და მეუღლესთან ერთად”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, წულუკიანი სამსახურში 9 ივლისს დაბრუნდება. სამინისტროს განმარტებით, ეს შვებულება ივლის–აგვისტოს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეათანხმა.

შვებულების შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, 9 ივლისს, 14 საათზე, მინისტრი გახსნის საზოგადოებრივ ცენტრს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, განმარტავს სამინისტრო.

მთავრობის სხდომა 26 ივნისს გაიმართა, რომელსაც არ დასწრებია იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი დროებითი მთავრობის წვერია, რომელსაც პარლამენტმა 20 ივნისს ნდობა გამოუაცხადა. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინისტრთა ახალ შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს სამინისტროების შემცირების შემდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com