კანონპროექტის მიხედვით, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით დასაშვებია სპეციალური საშუალებების გამოყენება. ესენია: ხელბორკილი, დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი.
კანონპროექტში გაწერილია ის კონკრეტული შემთხვევბი, როდესაც ესა თუ ის საშუალება უნდა იყოს გამოყენებული. ხელბორკილის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც პირი წინააღმდეგობას უწევს მოთხოვნას, ან საფრთხეს უქმნის საკუთარი თავის ან სხვათა უსაფრხოებას, ხოლო ცრემლსადენი გაზი მასობრივი არეულობის დროს გამოიყენება.
“პატიმრობის კოდექსის” 57–ე მუხლი ისედაც ითვალისწინებს მსგავს შემთხვევებში პატიმრებთან მიმართებაში სხვადასხვა ნივთების გამოყენებას, თუმცა მოქმედი კოდექსის მიხედვით, ჩამოთვლილ საგანთა სია გაცილებით მცირეა. მაგალითად, ხელბორკილი ან დამაწყნარებელი პერანგი:
“ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება, სხვა ბრალდებულთაგან/ მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება, დროებით სხვა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა, სამარტოო საკანში მოთავსება არაუმეტეს 24 საათისა”. – ვკითხულობთ კოდექსში.
მოქმედი კოდექსი არ ითვალისწიენსბ ისეთი ნივთების გამოყენებას, როგორიცაა რეზინის ხელკეტი ან ცრემლსადენი გაზი.
კანონპროექტი პარლამენტიში 2013 წლის 31 დეკემბერს შევიდა. ადამიანის უფლებათა კომიტეტში კანონპროექტს თებერვალში განიხილავენ, ხოლო პლენარულ სესიაზე გასვლის სავარაუდო თარიღი 7 თებერვლიდან –5 მარტამდეა.
კანონპროექტის ავტორია სასჯელაღსრულების სამინისტრო. “ნეტგაზეთი” ცდილობდა უწყებასთან და მინისტრთან დაკავშირებას, რათა ცვლილების მიზეზები გაერკვია, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.




