ახალი ამბები

კანონპროეტის მიხედვით, რუსეთში არასრულწლოვანებში სექსის პროპაგანდა იკრძალება

26 იანვარი, 2014 •
კანონპროეტის მიხედვით, რუსეთში არასრულწლოვანებში სექსის პროპაგანდა იკრძალება

კანონპროექტის ინიციატორია “ედინაია რასიას”,”ლიბერალ დემოკრატიული პარტიის” და”კომუნისტური პარტიის” დეპუტატთა ჯგუფი. 

 

კანონის მე-5 მუხლის  “ბავშვთა დაცვა ინფორმაციისგან, რომელიც ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას და განვითარებას” მიხედვით, არასრულწლოვნებში აკრძალულია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც უარყოფს ოჯახის ღირებულებებს,”არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას” ეწევა და მშობლების უპატივცემულობას გულისხმობს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩანაწერი “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა” უნდა შეიცვალოს ჩანაწერით, “სექსუალური ურთიერთობების პრიორიტეტულობის პროპაგანდით”.  

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ზიანის მომტან ინფორმაციად ითვლება ის ინფორმაცია, რომელიც “პროპაგანდას უწევს” სექსუალური ურთიერთობის პრიორიტეტულობას ისეთ ღირებულებებზე მეტად, როგორიცაა ოჯახური ცხოვრება, სულიერი და ინტელექტუალური განვითარება. კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით, კანონის მოთხოვნის გაფართოების მიზეზი ის პრობლემები გახდა, რომლებიც ბოლო წლებში რუსეთის ფედერაციაში გავრცელდა. ასეთ პრობლემებად კი განიხილება სექსუალური აქტივობის ზრდა არასრულწლოვნებს შორის, ასევე, მათი განცხადებით, არასრულწლოვანთა ასაკი სექსუალური ცხოვრების დაწყებისას უფრო და უფრო იკლებს. 

 

გარდა ამისა, დეპუტატებს სურთ ადმინისტრაციული კოდექსის 6.21 მუხლის შეცვლაც. მუხლი ” არასრულწლოვნებისათვის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას კრძალავს”, კანონპროექტის მიხედვით კი, დასჯადი უნდა გახდეს არასრულწლოვანებისათვის “სექსის პროპაგანდა”. 

 

“რადიო თავისუფლების” რუსული ბიურო წერს, რომ კანონში ცვლილებები მოახლოებულ სოჭის ზამთრის ოლიმპიადას უკავშირდება. “რადიო თავისუფლება” წერს, რომ ამ გზით რუსეთს  დასავლეთის დამშვიდება სურს. შეგახსენებთ, რომ  ” არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის” ამკრძალავი კანონის გამო, რომელიც რუსეთში 2013 წლის ზაფხულში მიიღეს, ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადეს მადონამ, შერიმ, ვენტვორ მილერმა, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადას არ დაესწრება აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერები. “რადიო თავისუფლება” წერს, რომ რუსეთს არ სურს უკვე მიღებული კანონი საერთოდ გააუქმოს და  ზოგადად სექსუალური ურთიერთობების “პროპაგანდის” ამკრძალავი კანონით იგი დასავლეთის დამშვიდებას ცდილობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი