შეხვედრის ფარგლებში კომისარმა ილია მეორეს შეკითხვით მიმართა. იგი უშუალოდ დაინტერესდსდა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ურთიერთობით:
“უკრაინაში განვითარებული მოვლენები მეტყველებს იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებებს. ჩემი მთავარი ამოცანაა დავეხმარო საქართველოს და ევროპის საბჭოს სხვა წევრ სახელმწიფოებს ადამიანის უფლებებზე დამყარებული კულტურის ჩამოყალიბებაში. ევროპა პატივს სცემს ყველა ერის ტრადიციას. ამიტომ მინდა შეგეკითხოთ, როგორი ურთიერთობაა საქართველოში სხვადასხვა რელიგიებს შორის?”– განაცხადა ნილს მუიჟნიეკსმა.
ევროპის საბჭოს წარმომადგენლის კითხვის პასუხად ილია მეორემ განაცხადა, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ბრძოლა რელიგიის საფუძველზე:
“საქართველო არის ქვეყანა, სადაც არასდროს არ ყოფილა ბრძოლა რელიგიის საფუძველზე. ის მოვლენები, რომელიც ვითარდება უკრაიანაში, მეტველებს იმაზე, თუ რამდენად რთულია სიტუაცია. თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან საჭიროა ჩვენთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროპის სტრუქტურების წევრი გახდეს”. – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ერთ–ერთი ბოლო ინციდენტი ხანუქას დღესასწაულს უკავშირდება, რომელიც 2013 წლის 4 დეკემბერს მოხდა. თავისუფლების მოედანზე, სადაც ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ბოლო დღე ებრაელებმა და მრავალფეროვნების მხარდამჭერებმა კონცერტით აღნიშნეს, მოქალაქეების ჯგუფმა, მათ შორის სასულიერო პირებმა, პროტესტი გამოხატეს. მათი განცხადებით, პრეზინდეტის, გიორგი მარგველაშვილის ებრაულ დღესასწაულზე მისვლა და ებრაელი ხალხისთვის მილოცვა შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლებს.
მართლმადიდებელ სასულიერო პირებს შორის იყო მღვდელი დავით ისაკაძეც. “ებრაელ ხალხთან კი არა გვაქვს პრობლემა, დღესასწაულებთან გვაქვს პრობლემა”, – უთხრა პოლიციელებს მან.
მოგვიანებით, როდესაც “ნეტგაზეთი” მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციით დაინტერესდა, პატრიარქის მდივანმა მიქაელს ბოტკოველმა შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს და ემიჯნება თუ არა ის სასულიერო პირების მიერ ანტისემიტიზმის გამოვლენას, შემდეგი პასუხი გასცა:
“თავისუფლების მოედანზე რა ხდებოდა, არ ვიცი მე. დაკითხვაზე ვარ, თუ რა? თავხედობას თავი დაანებეთ! მღვდელი რომ გეუბნებათ, არ ვიციო, უნდა დაიჯეროთ. პირველად მესმის. გეუბნებით, რომ არ ვიცი და კარგად რომ ჩამეკითხები, კარგად გაგცემ პასუხს? დავბრუნდი ამ დილას თბილისში, ახლა მოგიყვეთ, სად ვიყავი?” .




