ახალი ამბებიკომენტარი

„მომსწრე ვარ, როგორ ეწირებოდნენ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ჩემი თაობის ახალგაზრდები“

27 ივნისი, 2018 • 1537
„მომსწრე ვარ, როგორ ეწირებოდნენ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ჩემი თაობის ახალგაზრდები“

მარინა ვაშაყმაძე, ჟურნალისტი:

„მიმაჩნია, რომ მომხმარებლები არ უნდა ისჯებოდნენ. ჩემს თაობაში ნარკომომხმარებლები  ერთმნიშვნელოვან კრიმინალებად მიიჩნეოდნენ. მე ვარ მომსწრე, როგორ ეწირებოდნენ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ჩემი და არა მხოლოდ ჩემი თაობის ახალგაზრდები.

ნარკოტიკის მოხმარების რისკების შესახებ ცოდნა სკოლის ასაკიდენვე არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემის მიჩქმალვა იწვევს ამ პრობლემის გაღრმავებას. გულუბრყვილობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბავშვებს, მოზარდებს, ამ პრობლემას დავუმალავთ და ამით მორჩება ყველაფერი. ყველამ ყველაფერი იცის და ბავშვები ყველაფერს იგებენ ერთმანეთისგან.

თუ ინფორმაცია გაქვს, შეიარაღებული ხარ. მომხრე ვარ საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი, რისი ცოდნაც შესაძლებელია. უნდა ვიცოდეთ, როდის არის პრობლემური ასაკი, როდის იზრდება ნივთიერებებზე დამოკიდებულების რისკი, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ იმ ხალხისგან, ვინც იცის, ვისაც უმუშავია ამ თემებზე და ესმის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკს.

რა პრობლემაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია და განათლება. რაც მეტი ეცოდინება საზოგადოებას, ახალგაზრდებს, მით უფრო დაცულები ვიქნებით. ყველაფრის სათავე განათლებაა, რაზეც არ უნდა ვიმსჯელოთ, რა თემაც არ უნდა გავაშუქოთ, მივდივართ განათლების, ინფორმირებულობის საკითხებამდე.

არ ვემხრობი ქუჩის ნარკოტესტირებას – მომსწრე ვარ, როცა სიგამხდრის გამო გაუჩერებიათ ქუჩაში და შეუმოწმებიათ. ყველამ საკუთარ თავზე წარმოიდგინოს, ვის ესიამოვნებოდა მიდიოდე შენს საქმეზე და უმიზეზოდ გაჩერებდნენ.

საზოგადოების ნაწილს ეშინია დეკრიმინალიზაციის – ამ საქმეს ისეთმა ადამიანებმა უნდა მიხედონ, ვისაც არ აქვს შიში და აქვს ცოდნა, ინფორმაცია. გარკვეული უნდა იყოს, რა არის საშიში, სად არის საფრთხე.

ბრმა შიშით და დამოკიდებულებით, რომ არაფერი მოვიმოქმედოთ, დავმალოთ, ყურებზე ხელები ავიფაროთ – არაფერი გამოვა. შიშს ბევრი მიზეზი აქვს. ერთია, რომ ეს პრობლემა ახლაც ძალიან მწვავედ დგას და მეორეა ოთხმოცდაათიანი წლების გამოცდილება. შესაბამისად, ეშინიათ მშობლებს, მეუღლეებს, დედებს… თუმცა, ზუსტად იმიტომ, რომ ნარკოტიკი ბევრ რისკთანაა დაკავშირებული, უნდა ვიფიქროთ რა მოვიმოქმედოთ,  პრობლემა რომ დავძლიოთ და მომხმარებელთა რაოდენობა შევამციროთ. ამისკენ მიმავალი გზა კი მხოლოდ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, ფიქრი, განსჯა, ცოდნა და გახსნილობაა“.

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი