ახალი ამბები

ნენე დალაქიშვილი მუქარის შესახებ შსს-ს მიმართავს

27 ივნისი, 2018 • 8897
ნენე დალაქიშვილი მუქარის შესახებ შსს-ს მიმართავს

ნენე დალაქიშვილი სოციალურ ქსელში მიღებული მუქარის  შემცველი შეტყობინებების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ტვ პირველის პროდიუსერი პოლიციაში დღეს არის დაბარებული.

შსს-ში განგვიცხადეს, რომ შესაძლო მუქარის შემცველ შეტყობინებებთან დაკავშირებით გამოძიება შესაბამისი მუხლით ნენე დალაქიშვილის გამოკითხვის შემდეგ დაიწყება.

ნენე დალაქიშვილის თქმით, ფეისბუკში შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ კომენტარებს/შეტყობინებებს მას შემდეგ იღებს, რაც მის საცხოვრებელ კორპუსთან საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო პატრული გამოიძახა და ინფორმაცია გაავრცელა.

“მათი აზრით, პატრულში არ უნდა დამერეკა და არ უნდა გადამეღო იმ უცხოელისთვის ფოტოები, რაც გავავრცელე. ფიქრობენ, ვიდრე პატრულს გამოვიძახებდი, ჯერ უნდა გავრკვეულიყავი სიტუაციაში, რადგან ჩხუბის დასაწყისს არ შევსწრებივარ. მეუბნებიან, რომ ჩხუბის დაწყების მიზეზს რომ გავიგებდი, პატრულს აღარ გამოვიძახებდი.

ირაკლი მილაძე, რომელიც არის ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, მუშაობს იმ კორპუსის დაცვაში, რომელშიც მე ვცხოვრობ. მასსა და ერთ უცხოელს შორის დაიწყო ჩხუბი, როგორც ვიცი. დავინახე, გამშველებელს როგორ ურტყამდნენ და გამოვიძახე პატრული. ძირითადი საყვედურები არის ის, თითქოს მე ქართველ ბიჭებს ვღუპავ და რაში გამოიხატება ეს დაღუპვა, ვერ ვხვდები. სახლიდან რომ გამოვდივარ, ვგრძნობ, როგორ მიყურებენ იქ მაცხოვრებლებიც. სულ მომყვება ჩურჩული – აი, ეს იყო… ეს იყო…” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნენე დალაქიშვილმა.

როგორც ნენე ამბობს, პატრულის გამოძახებისთანავე მოუვიდა ადგილობრივებთან კონფლიქტი.

“მსაყვედურობენ, გადამთიელებს როგორ იცავო. რეალურად, არავის ვიცავდი. ჩვენებაშიც დავწერე, რომ დავინახე, საუდის არაბეთის მოქალაქემ როგორ ისროლა ქვა და ამის მერე, ვისაც აშველებდნენ, როგორ გაიგდეს წიხლქვეშ ადგილობრივებმა. ჩვენება, რომელიც მივეცი პოლიციას, ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს და ნახოს, რადგან არანაირ გაუთქმელობაზე ხელი არ მაქვს მოწერილი. დავწერე ის, რაც დავინახე. არაფერი ზედმეტი არ აღმინიშნავს. ისიც დავწერე, რომ საუდის არაბეთის მოქალაქის ნასროლი ქვა სავარაუდოდ მოხვდა ერთ-ერთ ადგილობრივს-მეთქი და მერე მართლა კოჭლობდა ის კაცი. დავინახე, ამ უცხოელს თვალი ჰქონდა ჩალურჯებული და ისიც დავინახე, როგორ სცემდნენ ამერიკელს, რომელიც გაშველებას ცდილობდა. ჩავერიე, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ამის შემდეგ დავრეკე პატრულში.

სამართალდამცველების მოსვლის შემდეგ უბნის ბიჭები მეჭიმებოდნენ, რატომ დარეკე პატრულშიო. ამ ქუჩის ბიჭების მეგობრები, როგორც ჩანს, მერე გადავიდნენ ვირტუალურ სივრცეში. ერთ-ერთია ვიღაც ბექა ვარდოსანიძე, რომელიც ლაივებს დებს და შეურაცხყოფას მაყენებს. წარმოდგენა არ მქონდა, რომ თურმე ჩხუბის მონაწილე ირაკლი მილაძე “ასავალ-დასავალში” წერს რაღაც ქსენოფობიურ სტატიებს. წერენ, რომ ეს დამპალი უცხოელები ღირსები არიან და თათარი უნდა გაეძუყნათ,” – ამბობს ტვ პირველის პროდიუსერი.

ნენე დალაქიშვილის თქმით, ვერ ხვდება, თუ რატომ ერჩიან მას:

“ამბობენ, რომ თურმე ჯერ კამერების ჩანაწერი უნდა მენახა, საიდან დაიწყო ჩხუბი. ანუ, მე მავალებენ იმას, რაც არის პოლიციის საქმე. პრეტენზია აქვთ ჩემთან, თუ რატომ არ ჩაწერა მთელმა საქართველოს მედიამ მეორე მხარე.

ბექა ვარდოსანიძე და ირაკლი მილაძე აქტიურობენ ყველაზე მეტად. კედელზეც მივარდებოდნენ. ირაკლი გავაფრთხილე, პოლიციაში გიჩივლებ-მეთქი და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ბექა ვარდოსანიძე სტატუსებს მიძღვნის ახლაც. რეალურად, მე არ მაინტერესებს, რას წერენ, მაგრამ ჩემი არასწრულწლოვანი შვილი ამას კითხულობს, განიცდის და ნერვიულობს. მე ღამე მიწევს სახლში მისვლა და ამათ იციან, სად ვცხოვრობ. რეალურად, არ ვიგონებ იმას, რომ თავს დაუცველად ვგრძნობ. ესენი რას მოიფიქრებენ და რა მოუვათ თავში აზრად, არ ვიცი. ახალი საჯიჯგნი მასალა ვარ მე ახლა მათთვის.

დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ყოფილა ჩემი მეზობელი, არც ვიცოდი. მასაც დაუნახავს და დაურეკავს სადღაც. მაგას დაემთხვა ჩემი მარკეტიდან გამოსვლა. მაბრალებენ, თითქოს ირმა ნადირაშვილმა დამირეკა, თითქოს მე ვარ “ტაბულას” თანამშრომელი, თითქოს გრანტებს ვიღებ წიოკის ატეხვის გამო და ვარ სოროსის მონა. სიმართლე გითხრათ, რა უნდათ, ვერ მივხვდი.”

ჩხუბის მონაწილე ორივე მხარე კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებს. იმ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომლის გაცნობასაც პატრულში დარეკვამდე ტვ პირველის პროდიუსერს სთხოვდნენ, გუშინ გავრცელდა ქსენოფობიური ფეისბუკის გვერდებზე. ვიდეობლოგს, სადაც წამყვანი საუბრობს ნენე დალაქიშვილის შესახებ ნეგატიურ კონტექსტში, 100 ათასამდე ნახვა აქვს. ეს მასალა უცვლელად ატვირთა ე.წ. ქართული მარშის გვერდმაც, რომლის ლიდერიც, სანდრო ბრეგაძე პრეზიდენტობის კანდიდატია.

სანდრო ბრეგაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ბექა ვარდოსანიძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობს “ქართული მარშის” მიერ გამართულ აქციებში, მათი მოძრაობის წევრი არ არის. პრეზიდენტობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ “ქართული მარშის” წევრებს ნენე დალაქიშვილთან პრეტენზიები არ აქვთ. მისი თქმით, კანონი უცხოელსა და ქართველზეც ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს. ბრეგაძე მოუწოდებს მხარდამჭერებსა და მოქალაქეებს, რომ არ გააგრძელონ კონფლიქტი ქუჩაში და დაელოდონ გამოძიების შედეგებს.

ამბის გაგრძელება:

ნენე დალაქიშვილის მიმართ შესაძლო მუქარაზე გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი