ახალი ამბები

მაუწყებლის მეურვეების არჩევის ჩაგდებული პროცესი და დეპუტატების განმარტებები

24 იანვარი, 2014 •
მაუწყებლის მეურვეების არჩევის ჩაგდებული პროცესი და დეპუტატების განმარტებები

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, უახლოეს ხანში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში დარჩენილი ვაკანსიების შესავსებად კონკურსი ახლიდან გამოცხადდება:

 

“ცხრა ვაკანტური თანამდებობიდან შეირჩა 4 პირი, რომელსაც აღმოაჩნდა პარლამენტის საკმარისი მხარდაჭერა. მეორე ტური, რომელიც გუშინ დასრულდა კენჭისყრით, იყო ბოლო ეტაპი ამ კონკურსის ფარგლებში კანდიდატების შერჩევის, შესაბამისად, ამოქმედდა მაუწყებლობის შესახებ კანონის 26-ე მუხლის ის პუნქტი, რომლის თანახმად ხელახლა ცხადდება კონკურსი. შესაბასმიად, უახლოეს ხანებში ხელახლა გამოცხადდება კონსკურსი, რათა ჩვენ დანარჩენი 5 წევრიც ავირჩიოთ ბორდში.”

 

გუშინდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობა დარეჯან [ჯანა] ჯავახიშვილის კანდიდატურის კენჭისყრასაც მოითხოვდა, თუმცა უსუფაშვილმა უარი განუცხადა, რასაც ის კანონის მოთხოვნების დარღვევით ხსნის:

 

“რაც შეეხება გუშინ შემოტანილ დოკუმენტს დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ეს დოკუმენტი  ბიუროს სხდომაზეც ვერ განვიხილეთ, დოკუმენტი შემოტანილია კანონის 26-ე მუხლის დარღვევით. მეორე ტურში მონაწილეობენ ის წარმდგენი  სუბიექტები, ვისაც პირველ ტურში ყავდა წარმოდგენილი კანდიდატი, ბუნებრივია. ამ შემთხვევაში ეს ასე არ იყო. დასახელების ვადა პირველი ტურიდან 10 დღეში ამოიწურა და ეს დოკუმენტი ერთი თვის შემდეგ შემოვიდა. რაც შეეხება ხელმომწერებს, 4 ხელმომწერი:ბატონი გიორგი ვაშაძე,ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი, ბატონი ომარ მეგრელიძე, ბატონი მიხეილ მახარაძე ხელს აწერენ ქალბატონი ჯავახიშვილის წარდგენას, როცა უფრო ადრე ხელი აქვთ მოწერილი ქალბატონი ნინია კაკაბაძის წარდგენაზე ჯერ კიიევ დეკემბერში, მაშინ, როცა კანონის 26-ე მუხლი ამბობს, რომ პარლამენტის ერთ წევრს შეუძლია მხოლოდ 1 კანდიდატის მხარდაჭერა. “

 

უსუფაშვილის თქმით,  მას  ჯავახიშვილის მომხრე რამდენიმე ხელმომწერმა მიმართა, რომ იყო რაღაც გაუგებრობა, თუმცა სპიკერმა არ დააკონკრეტა, რა გაუგებრობაზეა საუბარი. როგორც ირკვევა, უფრაქციო დეპუტატებიდან ორმა, ანზორ ბოლქვაძემ და იაშა შერვაშიძემ, რომლებიც ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, საკუთარი ხელმოწერა უკან გაითხოვეს.

 

“ნეტგაზეთმა” აღნიშნულ დეპუტატებთან დაკავშირება და მათი არგუმენტაციის მოსმენა სცადა: ანზორ ბოლქვაძემ კითხვის მოსმენის შემდეგ აღნიშნა, რომ იგი გზაში იმყოფება, ვერ გაგვესაუბრება და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე გადაგვამისამართა, საიდანაც, მისი თქმით, ყველაფერს გავიგებთ, ხოლო შერვაშიძემ ზემოთქმული ასე ახსნა:

 

“მართლაც ასე იყო, ოთხშაბათს დილით ჯგუფმა, რომელსაც უნდოდა წამოეყენებინა ქალბატონი დარეჯანის კანდიდატურა, მითხრა, რომ… მაგრამ მე მათ განვუმარტე, რომ კი, ბატონო, ხელს გიწერთ, ოღონდ უნდა გავიცნო ადამიანი–მეთქი… დიდ ბოდიშს მოვუხდი ქალბატონ დარეჯანს  და ალბათ ოდესმე გავიცნობ მას, მაგრამ არ ვიცნობდი, იმათ არ შეასრულეს [ეს პირობა] და გუშინ ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ შენი ხელწერა დაფიქსირდაო, არადა მე მაგათთვის ნათქვამი მქონდა, რომ თუ ეს ქალბატონი არ მოვა–მეთქი, ჩემი ხელწერა მანდ არ იქნება… ეს იყო და ეს”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ ჯანა ჯავახიშვილის დასახელებაზე უარი იმის გამო თქვა, რომ მისი გაცნობა ვერ მოახერხა:

 

‘ალბათ ის ჯგუფი იცნობდა მას და მე მათ ვუთხარი, რომ უნდა გავიცნო–მეთქი… ვისი კანდიდატურის დაყენებასაც აპირებ, უნდა იცნობდე, არა?! ეს არ მოხდა და სწორედ ამის გამო მოხდა ეს. შეიძლება ხვალ და ზეგ გავიცნო და ჩემი თავი ენაცვალოს”, – აცხადებს უფრაქციო დეპუტატი და უარყოფს ყოველგვარ ზეწოლას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ამ საკითხზე.

 

“მე არა ვარ ის კაცი, რომ ვინმემ ზეწოლა… გადაწყვეტილებებს მხოლოდ მე ვიღებ. უბრალოდ, ბევრი ხმაური არ მიყვარს”.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, რატომ არის აუციელებელი ბორდის წვრობის კანდიდატის დასახელებისათვის ადამიანის პირადად გაცნობა და არის თუ არა შესაძლებელი კანდიდატზე ინფორმაციის მიღება მისი საზოგადოებრივი აქტივობებიდან გამომდინარე, დეპუტატი ასე პასუხობს:

 

“თუ ადამიანს აძლევ რეკომენდაციას, აუცილებლად უნდა იცნობდე, მე ასე ვიცი, ყოველ შემთხვევაში. შეიძლება ძირეულად არ იცნობდე, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, უნდა იცნობდე”.

  

 

დამოუკდებელ დეპუტატებზე და უმრავლესობის ზოგიერთ წევრზე ზეწოლის შესახებ, რასაც შერვაშიძე კატეგორიულად უარყოფს, მოსაზრება უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა გამოთქვა:

 

 “შემაშფოთებელია, რომ ამჯერად უპრეცედენტო ზეწოლა უკვე განხორციელდა უმრავლესობის არაერთ წევრზე და დამოუკიდებელ დეპუტატებზე. ადამიანებმა, რომლებმაც პირველ ეტაპზე მხარი დაუჭირეს წარდგენილ კანდიდატებს, განმეორებით კენჭისყრაზე იგივე კანდიდატებს ან არ მისცეს ხმა, ან მისცეს წინააღმდეგ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ უმრავლესობის აჭარის წარმომადგენლობამ არ დაუჭირა მხარი აჭარის უზენაესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატს.”

 

რაც შეეხება უსუფაშვილის არგუმენტებს  ჯანა ჯავახიშვილთან დაკავშირებით, მათ რატიანი სადავოს უწოდებს:

 

“აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სადავო იურიდიული პროცედურის მომიზეზების გამო კენჭისყრაზე არ დააყენა დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურა. აღსანიშნავია, რომ დარეჯან ჯავახიშვილის წარდგენის ხელმომწერებს შორის აგრეთვე არიან პარლამენტის ის წევრები, რომლებიც არ წარმოადგენენ საპარლამენტო უმცირესობას.”

 

წინა საპარლამენტო კენჭისყრაზე საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების მიერ დასახელებულ კანდიდატს, ნინია კაკბაძეს მხარი საპარლამენტო უმრავლესობის ექვსმა წევრმა დაუჭირა, თუმცა მათ ეს გუშინდელ სხდომაზე არ გაუკეთებიათ. საუბარია თინა ხიდაშელზე, ნოდარ ებანოიძეზე, თამარ კორძაიაზე, ირაკლი სესიაშვილზე, ლექსო თამაზაშვილსა და ნინო გოგუაძეზე.

 

დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მას კაკბაძისთვის ხმის მიცემის სურვილი არათუ გუშინ, არამედ პირველ კენჭისყრაზეც არ ჰქონდა. ხოლო კითხვას, რატომ მისცა ხმა სხდომაზე, თუ ასეთი სურვილი არ ჰქონია, ასე პასუხობს:

 

“იცით, რა არის. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ყურადღება გამეფანტა და ყურადღება არ მიმიქცევია მაგ საკითხისთვის, თორემ მე ხმის მიცემის სურვილი არ მქონია, უბრალოდ, ყურადღება გამეფანტა….  ჩემს მეგობარს ვესაუბრებოდი, ყურადღება გამეფანტა და იმიტომ მივეცი ხმა, თორემ რეალურად ხმას არ ვაძლევდი”, – აცხადებს სესიაშვილი, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

 

თინა ხიდაშელი ამბობს, რომ მის შემთხვევაში ტექნიკური მიზეზი არაფერ შუაში არ არის:

 

“პულტმა არ იმუშავა–მეთქი, ახლა რომ გითხრათ, დამიჯერებთ?!”, – ამბობს ხიდაშელი და თავის არგუმენტაციას ასე აყალიბებს:

 

‘მე [კაკაბაძეს] სრულიად შეგნებულად მივეცი ხმა პირველ სხდომაზე, რადგან იმედი მქონდა, რომ გავიდოდა, მაგრამ გუშინდელ სხდომაზე სრულიად ნათელი იყო, რომ მისი კანდიდატურა ვერ გადიოდა… ამიტომ [გუშინ] ჩემგან ხმის მიცემა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, მხოლოდ ამას ნიშნავდა: “ნახეთ, რა მაგარი გოგო ვარო”, მაგრამ აქედან არაფერი შედეგი არ დგებოდა. მე ასე არ ვიღებ გადაწყვეტილებას: ვინმეს დავუმტკიცო, რომ ძალიან მაგარი ვარ. ფაქტი იყო, რომ ვერ გადიოდა ნინია. სამწუხაროდ, ნაციონალურმა მოძროაბამ საკუთარი კანდიდატურის მხარდასაჭერად მობილიზება ვერ მოახერხა. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი უპასუხისმგებლობა. მათი ხმები სრულიად საკმარისი იყო, რომ  კანდიდატი გასულიყო. მეორე კენჭისყრის დროს 51 ხმა სჭირდება კანდიდატს იმისათვის, რომ გავიდეს და ისინი 52 არიან პარლამენტში”, – აცხადებს ხიდაშელი და დასძენს, გამომდინარე იქიდან, რომ კენჭისყრის დროს პარლამენტში მხოლოდ უმცირესობის 44–მა წარმომადგენელმა მოიყარა თავი, სრულიად ნათელი იყო, რომ მისი ან თამარ კორძაიას ხმა ამ საქმეს ვეღარ დაეხმარეობდა, “ამიტომ არავითარი აზრი აღარ ჰქონდა”.

 

“ასე რომ, ვინმეზე ისრების გადატანის ნაცვლად, საკუთარ შემადგენლობაში ეძებონ პრობლემები, უმჯობესია. მათი დასახელებული კანდიდატი იყო და საკუთარ კანდიდატს არ მისცეს ხმა”.

 

კითხვას, კვლავ თვლის თუ არა იგი, რომ იგივე ნინია კაკბაძე საჭიროა მაუწყებლის ბორდში, დეპუტატი ასე პასუხობს:

 

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის კვოტა,  მათი საქმეა და მათი შემოთავაზებისათვის უნდა დაგვეჭირა მხარი. მე არც მაშინ მითქვამს და არც ახლა ვამბობ ჩემს პირად დამოკიდებულებას ნინიას მიმართ, იმის მიუხედვადად, მე რა დამოკიდებულება ან განწყობა შეიძლება მქონდეს ნინიას მიმართ, ეს არ არის საინტერესო. მნიშვნელოვანია ის, რომ ნაცმოძრაობამ, ვინც არ უნდა წარმოადგინოს, ის ყოველთვის იქნება ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი, ამიტომ, რა მნიშვენლობა აქვს, ნინია იქნება თუ სხვა ვინმე.  ჩემთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მე ხმა მივეცი იმიტომ, რომ მათი კანდიდატურა იყო მათი კვოტის ფარგლებში. ნინიას მიმართ ჩემი დამოკიდებულება საერთოდ არ არის საინტერესო.”.

 

თამარ კორძაია ერთ-ერთია იმ დეპუტატებიდან, რომელმაც პირველ ეტაპზე კენჭისყრისას ნინია კაკაბაძეს ხმა მისცა, ხოლო გუშინდელ კენჭისყრაზე მას მხარი აღარ დაუჭირა, რასაც პოლიტიკური უმრავლესობის პოლიტიკური მოლაპარაკებით ხსნის:

 

“გადაწყვეტილება იყო პრინციპული, როგორც უმრავლესობის, ასევე, უმცირესობის მხრიდან, ეს ერთგვარად პოლიტიკურ ჭიდაობას გავდა ამ შემთხვევაში და შედეგი დადგა ის, რაც დადგა. ზეწოლა ნამდვილად არ ყოფილა, ეს იყო შიდა მოლაპარაკების საგანი, როდესაც გადაწყდა ის, რაც გავაკეთეთ. “

 

კითხვას, რატომ გადაწყვიტეს ასე, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” კვოტასთან გვაქვს საქმე, კორძაია პასუხობს:

 

“მათი კვოტით გავიდა ერთი ადამიანი, მაგრამ თუ ასე იყო, მეორე კენჭისყრაზე მათ ჭირდებოდათ 50 ხმა და “ნაციონალურ მოძრაობას” თუ სურდა ნინია კაკაბაძის გაყვანა, ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაეკეთებინა მობილიზება და გაეყვანა ეს ადამიანი. პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და მოხდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.”

 

 “საბჭო რომ ვერ შედგა, ეს ყველაზე ცუდი მოვლენაა. პროცესი იმდენად გამჭირვალე და სისტემურად იმდენად დალაგებული იყო, მე არც ერთ პერსონალიაზე არ გავამახვილებდი ყურადღებას”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი