ახალი ამბები

არასასურველ სარეკლამო SMS–ებზე კანონპროექტი პარლამენტში სავარაუდოდ თებერვალში შევა

24 იანვარი, 2014 • • 1261
არასასურველ სარეკლამო SMS–ებზე კანონპროექტი პარლამენტში სავარაუდოდ თებერვალში შევა

საკითხი ეხება ინსპექტირების კერძო სექტორის საქმიანობაზე გავრცელების ვადის გადმოწევას. ქალდანის თქმით, დღეს მოქმედი კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კერძო სექტორის წარმომადგენლების შემოწმების უფლება შეზღუდული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათი სანქცირების უფლება საერთოდ არ აქვს. თუმცა შესაბამის კანონმდებლობაში ჩადებულია დებულება, რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ეს უფლება 2016 წლიდან მიენიჭება. ქალდანი ამ მუხლის ამოქმედების ვადის 2014 წლამდე გადმოწევის ინიციატივით გამოდის:

“პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდა და ჩვენი ინიციატივა სრულად იქნა გაზიარებული. საკითხი ეხება კანონის მოქმედების ვადის გადმოწევას. დღევანდელი ჩანაწერით კერძო სექტორის მიმართ ინსპექტირების ფუნქცია არის შეზღუდული და თუ სერიოზულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, არც სანქციების გამოყენება შეგვიძლია, ვთვლით, რომ განსაკუთრებით  პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ეფექტურად შევძლოთ მოქალაქეების განცხადებაზე რეაგირება, უფრო ადრე უნდა შევიდეს ძალაში კანონი – ამ წელსვე”, – ამბობს იგი.

თამარ ქალდანი
თამარ ქალდანი

თამარ ქალდანის განცხადებით, ამ კანონის ამოქმედება მის უწყებას საშუალებას მისცემს, რომ მოახდინონ მოქალაქეების განცხადებებზე რეაგირება:

“ჩვენ შეგვეძლება მივიდეთ და გავარკვიოთ, მაგალითად, რატომ არ მოხდა მოქალაქის განცხადებაზე 10 დღის ვადაში რეაგირება [ასეთის არსებობის შემთხვევაში], დავავალოთ კომპანიებს, რომ კანონის მოთხოვნები შეასრულონ და თუ ისინი გააგრძელბენ ამ კანონის უგულებელყოფას, მივიღოთ ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილება. პირველად შემთხვევაში 3 ათასი ლარია ჯარიმა, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მეორეჯერ მსგავსი ქმედება უკვე 10 ათასი ლარით დაისჯება”.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, ქალდანის თქმით, სამუშაო ჯგუფი განიხილავს სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმის პროცედურის გამარტივებას, რასაც უახლოეს ხანებში კანონპროექტადაც აქცევს:

 

“დღევანდელ მოდელით, მე რომ მოვინდომო ჩემი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, წერილობით უნდა მივმართო მონაცემთა დამმუშავებელს. წერილობით ფორმა არის პრობლემური, იმიტომ, რომ მოქალაქეს უჭირს გარკვევა ვის მიმართოს, სად დაწეროს განცხადება და ასე შემდეგ. მეორე, ასევე ძალიან რთულია იმის დადგენა, თუ ვინ არის მონაცემთა დამმუშავებელი. სამი რგოლია ამ ყველაფერში ჩართული: ერთი- რეკლამის დამკვეთი, მეორე- რეკლამის განმახორციელებელი  და მესამე- მობილური ან ინტერნეტოპერატორი, თუ Email–ით მოდის შეტყობინება. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს უწევს იმის იდენტიფიცირება, ვინ არის მისი მონაცემების დამამუშავებელი. ჩვენ გვინდა, რომ ვისიც არის მიზანი, სწორედ ის იყოს მონაცემთა დამამუშავებელიც. თუ  მე, კომპანია გადავწყვეტ, რომ უნდა განვახორციელო პირდაპირი მარკეტინგი, მაშინ მე თვითონ უნდა უზრუნველვყო თქვენი უფლებების დაცვა. თქვენ თუ არ გინდათ ჩემი სარეკლამო შეტყობინებების მიღება, მე უნდა უზრუნველვყო, რომ 10 დღის ვადაში თქვენი მონაცემი ამოღებულ იქნას იმ ზოგადი ბაზიდან, რისი მეშვეობითაც ამ სახის შეტყობინებები იგზავნება. მოქალაქემ უნდა იცოდეს ვის მიმართოს. წერილობითი ფორმა არის შესაცვლელი და გასამარტივებელი. ჩვენ გვგონია, რომ იმავე ფორმით უნდა იყოს შესაძლებელი სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმა, რა ფორმითაც მათი მიღება ხდება. ანუ თქვენ თუ SMS–ით მიგზავნით მე სარეკლამო შეტყობინებას, მაშინ იმავე SMS–ში უნდა იყოს იდენტიფიცირებული ან ტელეფონის ნომერი ან ის, თუ სად გამოგიგზავნოთ SMS, რომ ჩემი ნომრის თქვენი ბაზიდან ამოღება მინდა, იგივე Reply–ს მეშვეობით”, – აცხადებს ქალდანი და დასძენს, რომ იმავე გზით სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმის მეთოდი არანაირ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული, თუმცა არსებობს უფრო კარგი მეთოდები, რომელიც ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 

“ეს თემა დღეს არის აქტუალური საქართველოში, თორემ სხვა ქვეყნებმა ეს პრობლემა უკვე გადალახეს. გარდა იმ მოდელისა, რაც ჩვენ ვთქვით, კიდევ არსებობს უფრო კარგი სისტემა, მოქალაქეს შეუძლია პირდაპირ შეიყვანოს ერთიან სისტემაში თავისი ტელეფონი და მონიშნოს ის ორგანიზაციები, რომლებიდანაც შეტყობინებების მიღება არ სურს, ასეთი უნიფიცირებული სისტემაც არსებობს”.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თქმით, ყოველივე ზემოთქმულს საბოლოო კანონპროექტის სახე, სავარაუდოდ, თებერვლის თვის დასაწყისში მიეცემა, რის შემდეგაც მისი პარლამენტში ინიცირების საკითხი დაიწყება. აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში შედიან დეპუტატები, თამარ კორძაია და ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენელი ლიკა საჯაია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე,  არასამთავრობო ორგანიზაცია – საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და ინოვაციური რეფორმების ცენტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი