ახალი ამბები

“მტერი აქაა და არა აშშ-ში!” – პროტესტი ირანში ანტისამთავრობო შეძახილებით

25 ივნისი, 2018 • 4695
“მტერი აქაა და არა აშშ-ში!” – პროტესტი ირანში ანტისამთავრობო შეძახილებით

ირანში საპროტესტო აქციები განახლდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თეირანში დაწყებული დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებაში უკვე გადაიზარდა.

საპროტესტო აქციები ირანში დღეს, 25 ივნისს დაიწყო. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პროტესტი დედაქალაქ თეირანის დიდ ბაზარში დაიწყო მას შემდეგ, რაც შავ ბაზარზე ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 10%-ით დაეცა, ფასები კი მკვეთრად გაიზარდა. თუმცა “რადიო თავისუფლების” სპარსული სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ სკანდირებენ დემონსტრანტები: “სიკვდილი დიქტატორს!”; “დატოვეთ სირია და მოგვხედეთ ჩვენ!”; “ჩვენი მტრები არიან აქ და არა აშშ-ში!”.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პროტესტი თავდაპირველად ტანსაცმლით მოვაჭრეებმა გამოთქვეს, თუმცა შემდგომ მათ სხვა მაღაზიების მეპატრონეებიც აყვნენ. როგორც “რადიო თავისუფლება” იუწყება, მას შემდეგ, რაც სპონტანური პროტესტის მონაწილეებმა ბაზარი დატოვეს და პარლამენტისკენ მსვლელობით დაიძრნენ, გზად მათ ათასობით ადამიანი შეუერთდა. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მისულ დემონსტრანტებს პოლიცია ცრემლსადენი გაზით დაუპირისპირდა. აქციის მონაწილეები შეტაკების პარალელურად სკანდირებდნენ: “არ შეგეშინდეთ, ჩვენ, ყველანი ერთად ვართ!”.

ირანის ოფიციალურმა პირებმა უკვე დაიწყეს  საუბარი არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზებზე. ირანის ცენტრალური ბანკის დირექტორის თქმით, უკვე არსებობს გეგმა მეორე გაცვლითი ბაზრის დაფუძნებაზე, რომელიც აღმოფხვრის შავი ბაზრის მანიპულაციებს. BBC-ის ცნობით, ფინანსური მანიპულაციებისა და ოფიციალური კურსის გარდა სხვა ნებისმიერი კურსით ვაჭრობის აკრძალვის მცდელობები ირანში აპრილშიც იყო, თუმცა, უშედეგოდ.

პროტესტის პარალელურად, ირანის ინფორმაციისა და კომუნიკაციების მინისტრი ირწმუნება, რომ მოვაჭრეებთან მოლაპარაკება უკვე შედგა და ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ქვეყნის მთავარი პროკურორი კი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენები ამერიკის შეერთებული შტატების სცენარია, რათა ირანში “სამოქალაქო არეულობა” წარმოშვას.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული პროტესტი ყველაზე ფართომასშტაბიანია 2012 წლის შემდეგ.

საპროტესტო აქციები ირანში მიმდინარე წლის იანვარშიც მიმდინარეობდა. გამოსვლები მაშინაც ეკონომიკური პრობლემების გამო დაიწყო, შემდეგ კი ანტისამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. 75 ქალაქში მიმდინარე აქციებზე პოლიციასთან შეტაკებისას 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი