ახალი ამბები

რა კითხვები ჰქონდა საგამოძიებო კომისიას სარალიძე-დადუნაშვილის საქმის პროკურორთან

26 ივნისი, 2018 • 2045
რა კითხვები ჰქონდა საგამოძიებო კომისიას სარალიძე-დადუნაშვილის საქმის პროკურორთან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია 25 ივნისს პროკურორ ზვიად ფხაკაძესა და შსს-ს წარმომადგენელს, კახა სირაძეს უსმენდა. დპუტატების შეკითხვები იმ თემებს ეხებოდა, რაც საქმის გამოძიების გარშემო აქვს როგორც მოკლული დავით სარალიძის მამას, ასევე საზოგადოების ნაწილს. გთავაზობთ ამ შეკითხვების ნაწილს:

რატომ არ დაილუქა ფარდული და რატომ მოხდა მისი დემონტაჟი

დეპუტატების კითხვები ხორვას ქუჩზე არსებულ ფარდულს შეეხებოდა, რომელიც დანაშაულის ადგილის შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა მკვლელობიდან მალევე მისი დემონტაჟი მოხდა. კომისიის წევრები დაინტერესდნენ, რატომ არ დაილუქა ფარდული, რათა საგამოძიებო ექსპერიმენტების დროს შემთხვევის ადგილი პირვანდელი სახით შენარჩუნებულიყო. ამის შესახებ პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ უპასუხა, რომ ფარდულის დემონტაჟს საგამოძიებო მოქმედებების სრულფასოვნად განხორციელებისთვის ხელი არ შეუშლია.

ფარდულის დანგრევას საეჭვო გარემოებად აფასებს მოკლული დავით სარალიძის მამაც. ზაზა სარალიძის აზრით, ამ გზით საგმაოძიებო უწყებებმა დაზარალებულებს ალტერნატიული ექსპერტიზისა და საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა წაართვეს, რადგან საქმის მასალებში ფარდულის ზუსტი ზომები, სარალიძის თქმით, მითითებული არაა:

“ფარდულში საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებით ბევრ კითხვას გაეცემოდა პასუხი. მათ შორის, რა მდგომაროებაში იყო ჩემი შვილი, იქ იყო სისხლის კვალები, რომელიც ზუსტად დაადგენდა, რა ხდებოდა. ჩემი შვილი 197 სმ იყო სიმაღლეში. ჩხუბში მონაწილე არცერთი ბავშვი 160 სანტიმეტრზე დაბალი არაა. უცნობია, რამდენად მოთავსდებოდნენ ისინი პატარა ფრდულში და მოხდა თუ არა ჩემი შვილის მკვლელობა ამ ფარდულში” – ამბობს სარალიძე.

პროკურორის განცხადებით, ასეთი ობიექტის დალუქვა მისთვის წარმოუდგენელია. იგი ამბობს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტები ფარდულის დემონტაჟის შემდეგაც ტარდებოდა. მისი თქმით, ფარდულის სიმაღლის გნასაზღვრა იქ არსებული აგურების რაოდენობითაა შესაძლებელი:

“რაც შეეხვება ფარდულის დალუქვას, მაშინ უნდა დალუქულიყო მთლიანად შემთხვევის ადგილი. თუ იმას გულისხმობთ, ფარდულის გარემოება მნიშვნელოვანი იყო, რამდენად შეძლებდა კონკრეტული პირები იქ გამართულად დგომას – ვიზუალურად ძალიან ნათლად ჩანდა. საგამოძიებო ექსპერიმენტები მაშინაცაა ჩატარებული, სანამ ფარდულის დემონტაჟი მოხდებოდა და მას შემდეგაც. სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსში წერია, რომ მიახლოებულ გარემოებებში უნდა ჩატარდეს. თქვენ რა სურათიც აჩვენეთ, იქ მიახლოება ფარდულის იმ გარემოებებთან, რა ვითარებიშიც დათო სარალიძის დაჭრა. დადგენილია ფარდულის სიმაღლე, იქ აგურებს თუ გადავთვლით პირვანდელი ფარდულის, სიმაღლე, სიგანე და სირღმე ერთი და იგივეა” – ამბობს პროკურორი.

მისივე თქმით, ფარდული ადგილობრივმა მოსახლეობამ დაანგრია, თუმცა საგამოძიებო უწყებას დალუქვის გადაწყვეტილება არ მიუღია.

რატომ არ მოხდა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული ვიდეოკამერების მიერ გადაღებული მასალის დაუყოვნებლივ ამოღება

კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ განთავსებული კამერების ჩანაწერებს. დეპუტატები აცხადებენ, რომ საგამოძიებო უწყებამ ეს კადრები მკვლელობიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ ამოიღო. კომისიის წევრებს კითხვები აქვთ, რატომ არ ამოიღო შსს-მ ეს კადრები იმ პირობებში, როცა საქმეში მონაწილე პირები და მოწმეთა დიდი ნაწილი გამოძიებასთან ან არ თანამშრომლობდნენ, ან ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლეოდნენ.

ამ კითხვის საპასუხოდ, შსს-ს წარმომადგენელი კახა სირაძე ამბობს, რომ ჩანაწერების ამოღება დადგენილი წესით მოხდა და გამოძიება არ დაუზარალებია რამდენიმე დღით გვიან მათ ამოღებას.

პროკურორი ზვიად ფხაკაძე კი აცხადებს, რომ კამერები სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ ამოიღეს:

“კამერების ჩანაწერების ამოღებას თაივსი პროცედურები გააჩნია. უნდა დადგენილიყო კამერების მდებარეობა, მათი გამართულობა. კამერების მოპოვება სამართლებრივად პროცესუალურად გაწელვადია. მართალია, ეს პიროვნებები არ ასახელებდნენ კონკრეუტლი პირების ვინაობას, თუმცა ოპერატიული ინფორმაციით დადგენილი იყო პირთა წრე, რომელიც მათ შორის კამერებზეცაა ასახული. ეს პირები კამერების გამოთხოვამდე არიან დაკითხული. ეს პირები იდენტიფიცირებულნი არიან, მაგრამ დაკითხვის დროს არ იძლევიან იმ ინფორმაციას, რაც ნახეს. ჩვენთვის პირველ დღეს ხომ არ იყო ცნობილი, რა იყო იმ კამერებზე ასახული, რა უნდა ყოფილიყო. ჩვენ მოვიპოვეთ ეს მტკიცებულებები, წინასწარ ხომ არ არის ცნობილი, კამერებზე რა არის ასახული” – ამბობს პროკურორი. 

დეპუტატების შეფასებით კი, კამერების ჩანაწერების ამოღება გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამოძიებას შეეძლო ცხელ კვალზე, სასამართლოს ნებართვის მიღებამდეც.

რატომ არ ამოიღეს ა.ს-ს მობილური ტელეფონი, რომლითაც ხორავაზე მომხდარი ჩხუბი დაიგეგმა

საგამოძიებო კომისია იმითაც დაინტერესდა, თუ რატომ არ ამოიღო გამოძიების პროცესში საგამოძიებო უწყებამ ა.ს-ს მობილური ტელეფონი, რომლითაც სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მ.კ-ს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. დეპუტატების თქმით, მ.კ. მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მომხდარის მეორე დღეს ა.ს-ს სოციალური ქსელის საშუალებით სწერდა. ა.ს-სთან კომუნიკაცია მსჯავრდებულ გ.ჯ-საც ჰქონდა. 

კახა სირაძის თქმით, ა.ს. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც  მშობელმა საგამოძიებო ორგანოში მიიყვანა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. კონკრეტულად, რა იყო ჩხუბის მიზეზი, ვინ ჩხუბობდნენ და ა.შ. რაც შეეხება ტელეფონს, სირაძის თქმით, გამოძიებამ ჩათვალა და არ იქნა ამოღბული. 

ზვიად ფხაკაძე კი აცხადებს, რომ 16 დეკემბერს (მკვლელობებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ) საგამოძიებო უწყებამ მ.კ-ს ტელეფონი ამოიღო, თუმცა ინფორმაცია წაშლილი იყო და მისი აღდგენა ვეღარ მოხდა. დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ იცდიდა გამოძიება ამდენ ხანს და რატომ არ ამოიღო მ.კ-ს მობილური ტელეფონი უფრო ადრე:

“რატომ არ ამოიღეთ პირველში და ამოიღეთ 16-ში? კონფლიქტში მონაწილე მხარეებს გარკვეულწილად შესაძლოა გაეცვალათ  კონფლიქტთან დაკავშირებული ინფორმაცია. ტაქტიკაა ასეთი, მიეწერათ ერთამენთისთვის გარკვეული ინფორმაცია. მივეცით შესაბამისი დრო, რათა მომხდარყო ამ ინფორმაციის ამოღება. იმ დროს არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდა საკმარის სტანდარტს, რომ გადაუდებლად მოსმენა დაგვეწყო არასრულწლოვნებისთვის” – ამბობს პროკურორი.

ხორავაზე მომხდარი დაპირისპირებისას მესამე დაჭრილის საქმე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ირკვევა, რომ საქმეში არსებობს კიდევ ერთი დაჭრილი არასრულწლოვანი (დეკანოზის შვილი), რომელიც დაუდგენელია, ვინ დაჭრა, ბრალდებული ამ დრომდე არ არსებობს, თუმცა საქმეში დევს შესაძლო დამჭრელის აღწერილობა მისი სამოსისა და ვარცხნილობის შესახებ. მიუხედავად ამისა, პროკურატურას აღნიშნული პირი ამ დრომდე არ დაუკავებია.

ხორავას ქუჩის საქმეში სასულიერო პირის შვილის ჩართულობის შესახებ ცნობები მანამდეც გავრცელდა. “რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ზაზა სარალიძის მოკლულ შვილს პირველ დეკემბერს ფარდულში გაურკვეველ საგანს ურტყამდა ერთ-ერთი დეკანოზის შვილი. დღევანდელ საგამოძიებო კომისიის სხდომამდე უცნობი იყო, რომ ეს პირიც დაიჭრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი გარჩევის დროს.

რატომ არ დაიკითხა სუბელიანი

დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, რატომ არ დაიკითხა მირზა სუბელიანი პირველადი გამოძიების ეტაპზე, რაზეც პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას პრიორიტეტული იყო უშალოდ მკვლელობის საქმე და მასში მონაწილე პირთა გამოკვეთა. ამ ეტაპზე, პროკურორის თქმით, სუბელიანის ბრალეულობა არცერთ ნაწილში არ ჩანდა:

“მირზა სუბელიანი მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში, მისი შვილის გამოკითხვაში. წარმოდგენილი იქნა მისი შვილის ტანსაცმელი, რაც თანამშრომლობაზე მიუთითებდა. როდესაც მიმდინარეობდა გმოძიება, აქცენტი და პრიორიტეტი იყო მკვლელობის საქმეზე. შემჭიდროებულ ვადაში იყო მოძიებული მტკიცებულებები. ამ სტადიაზე მირზა სუბელიანის უშუალო მონაწილეობა დანაშაულის შეუტყობინებლობასა და დაფარვაზე არ იკითხებოდა” – ამბობს ზვიად ფხაკაძე.

პროკურორის თქმით, მირზა სუბელიანი, რომელიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანია, 9 დეკემბერს დაცვის მოწმედ დაფიქსირდა. შესაბამისად, ბრალდების მხარეს მასთან შეხება არ უნდა ჰქონოდა.

“არ იყო კონკრეტული ვითარებაც, რომ ეს ადამიანი დაკითხულიყო შეუტყობინებლობაზე. რათა დაცვის მხარეს ეჭვები არ ჰქონოდა, ეს რისკები გათვლილი იყო. მირზა სუბელიანზე ახალი გარემოება წარმოიშვა მაისში, როცა ბრალდებულმა გ.ჯ-მ მხოლოდ პროცესის დასასრულს განაცხადა მირზა სუბელინთან დაკავშირებული დეტალებზე, რომ მან ის კალანდიებთან ნახა. თვითონ კალანდიები ამბობდნენ, რომ როდესაც გ.ჯ. მათთან იმყოფებოდა, სუბელიანი არ ყოფილა. ამ დროს ის აღარ იყო დაცვის მოწმე და მოხდა მისი დაკითხვა” – ამბობს პროკურორი.

ფიგურირებს თუ არა საქმეში მესამე დანა

მოკლული დავით სარალიძის მამა ფიქრობს, რომ ამ ორი დანის გარდა, შესაძლოა, საქმეში არსებობდეს კიდევ სხვა იარაღები. ეს მოსაზრება მას ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიერ ტანსაცმელზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ გაუჩინა. ექსპერტიზით საუბარია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ამ მკვლელობაში სხვა იარაღია გამოყენებული.

“მაია ნიკოლაიშვილის საექსპერტო დასკვნიდან დგინდება, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ დამალა ფაქტები, გაანადგურა ერთ-ერთი ნივთმტიკცება- დანა. დანის პირს ისეთი დეფორმაცია აქვს მიღებული, რომ ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება უკვე გამორიცხულია”, –განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ნიკოლეიშვილის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე არაფერი უხსენებია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ სამსახურს.

პროკურორი და შსს-ს წარმომადგენელი გამორიცხავენ საქმეში მესამე დანის ფიგურირებას, რომელიც შესაძლოა დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული.

“უპირველეს ყოვლისა, მოწმეთა ჩვენებებით, საქმეზე დაკითხული ყველა პირს დაესვა კონკრეტული კითხვა, ვინმე სხვა პირის ხელში ხომ არ დაგინახავთ დანა, ან რაიმე სხვა საგანი. ყველა აფიქსირებს, რომ არ დაუნახავთ და არ ჰქონიათ. რაც შეეხება მორფოლოგიურ სურათს, ჭრილობები რაც იყო გარდაცვლილების სხეულზე, შესაძლებელია მიყენებული ყოფილიყო ორივე დანით, მაგრამ გმაორიცხულია შავტარიანი დანის გამოყენებით” – ამბობს პროკურორი.

დანაზე დავით სარალიძის დნმ პრფილის არარსებობა

საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე, რომელზეც დეპუტატები ზაზა სარალიძეს უსმენდნენ, მოკლული დავით სარალიძის მამამ განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გ.ბ-ს დანაზე, რომლითაც აღნიშნულმა პირმა პროკურატურის ვერსიით დავით სარალიძეს ჭრილობები მიაყენა, მისი შვილის დნმ პროფილი არ აღმოჩნდა. თუმცა მასზე იყო ლევან დადუნაშვილისა და თავად გ.ბ-ს დნმ. სარალიძის თქმით, მისი შვილის დნმ ხელსახოცზე აღმოჩნდა, რომელშიც დანა იყო გახვეული. პროკურატურის ვერსიით, მსჯავრდებულმა დანა წყლით გარეცხა და სარალიძის დნმ პროფილი დანიდან ხელსახოცზე გადავიდა, რომელშიც ის იყო გახვეული:

“ერთ-ერთი ბრალდებულის დანაზე ამოვიდა ლევან დადუნაშვილის დნმ პროფილი და თავად ბრალდებულის დნმ პროფილი. მაგრამ არ ამოვიდა ჩემი შვილის დნმ პროფილი, რომელ დანასაც ედავებიან ჩემი შვილისთვის მიყენებულ 10 ჭრილობას. როგორ მოხდა, რომ ჩემი შვილის დნმ პროფილი წაიშალა და დადუნაშვილის დარჩა? გ.ბ-ს დანაზეა საუბარი. ეს დანა წყლით გაირეცხა. ხელსახოცში იყო ეს დანა გახვეული, რომელზეც აღმოჩნდა სისხლის წვეთი ძალიან უმნიშვნელო ოდენობით და ზუსტად იმ სისხლის წვეთში აღმოჩნდა ჩემი შვილის დნმ. კითხვა გვაქვს, როგორ აღმოჩნდა დნმ ხელსახოცზე და არ იყო დანაზე, რაზეც მივიღთ პასუხად, რომ გარეცხილი იყო და სისველემ გადაიტანა დნმ პროფილი ხელსახოცზე. ანუ, ხელსახოცზე გადავიდა მხოლოდ ჩემი შვილის დნმ, დადუნაშვილის და ბრალდეუბლის კი დატოვა?! არ არის დადგენილი, ვის ეუკუთხვნოდა ეს ხელსახოცი” – ამბობს სარალიძე.

ამ ინფორმაციას არც პორკური ზვიად ფხაკაძე უარყოფს:

“არის შესაძლებლობა, როდესაც გარეცხილია დანა, შესაძლებელია პირზე ან ტარზე დარჩეს გარკვეული სახის და ოდენობის დნმ პროფილი. თუ კარგად დავაკვირდებით ექსპერტის დასკვნას, ხელსახოცზე სისხლის ლაქის მაგვარი რამაა აღმოჩენილი, რომელზეც დგინდება შერეული პროფილი. დანის მფლობელის, დადუნაშვილის და სარალიძის დნმ პროფილი. გარეცხვის შედეგად რა დოზით დარჩება იქ, არავინ იცის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დანა ახალ ხელსაცოხში იყო მოთავსებული, როგორც გ.ი-მ განაცხადა, წაიღო და ეს დანა მოთავსებლი იყო ამ ხელსახოცში რამდენიმე საათი. ექსპერტი არ გამორიცხავს, ხელსახოცზე გადასულიყო ხსენებული საგნიდან დნმ-პროფილი” – ამბობს ფხაკაძე.

კომისიის სხდომის დასასრულს შემაჯამებელი ბრიფინგი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ გამართა. როგორც დეპუტატი ამბობს,  გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთ ფიგურანტ მ.კ-ს მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა დათო სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის კუთხით:

“აქამდე არსებულ კითხვებზე პასუხების მიღების შედეგად გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი საკითხი. მე ვგეგმავ, კომისიის შემდეგ სხდომაზე დავაყენო საკითხი, რომ კომისიამ იმსჯელოს და შეიმუშაოს რეკომენდაციები შესაბამისი საგამოძიებო უწყებების მიმართ.

გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთ ფიგურანტ მ.კ-ს მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა დათო სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის კუთხით. ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს დაჭრილი იქნა ერთი მოზარდი გ.მ. შესაბამისად, ჩემი რეკომენდაცია კომისიის მიმართ იქნება, რომ ეს საკითხიც იყოს განხილული, ამ ორ თემაზე იქნას გაცემული რეკომენდაციები” – თქვა კაპანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი