ახალი ამბები

ივანიშვილმა პრემიერობის დროს მიღებული საჩუქრები სახელმწიფოს გადასცა

23 იანვარი, 2014 • • 962
ივანიშვილმა პრემიერობის დროს მიღებული საჩუქრები სახელმწიფოს გადასცა

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, საჩუქრების ნუსხის გაცნობის შესაძლებლობა ჟურნალისტებს ექნებათ დღეს, 16:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში.


ჯერ უცნობია, იქნება თუ არა ამ ნუსხაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ნაჩუქარი ძვირდღირებული საათი.


2013 წლის 13 სექტემბერს ილია მეორე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში სტუმრად იმყოფებოდა, სტუმრობისას მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა მაშინ მოქმედ პრემიერ–მინისტრს საჩუქრად “ULYSSE NARDIN”-ის საათი აჩუქა.

პატრიარქის ნაჩუქარი საათი ბიძინა ივანიშვილს
პატრიარქის ნაჩუქარი საათი ბიძინა ივანიშვილს

2013 წლის 28 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საათი, რომელიც პატრიარქმა აჩუქა პრემიერს, არქივს გადაეცემოდა.


“საათს რაც შეეხება, ეს არის შეუფასებელი, რამეთუ პატრიარქის საჩუქარია და განსაკუთრებით ძვირფასია, მას ფასი არ აქვს, იმაზე მეტი ღირს ალბათ, რასაც აფასებენ ექსპერტებიც, შესაბამისად, ეს, როგორც წესია, არსებობს ასეთი წესი, და იმ წესითვე განთავსდება პატრიარქის მიერ პრემიერის საჩუქრებში. არსებობს ამის არქივი და იქვე იქნება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

“ULYSSE NARDIN” შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც უკვე 165 წელია, რაც მექანიკურ საათებს აწარმოებს. ჟურნალ “Watchtime”-ის მიხედვით, Ulysse Nardin–ი საათების რამდენიმე სერიას აწარმოებს, მათ შორის ერთ–ერთია  Marine Collection–ის სერია. პატრიარქის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემული საათი სწორედ ამ სერიის პროდუქტია. 

 

Marine Collection–ის კიდევ უფრო ვიწრო მიმართულებაა The Marine Chronometer Manufacture, რომელიც ხელმისაწვდომია სამი სახით: 1. შეზღუდული გამოშვება საათებისა (350 ტირაჟით) ოქროს ნაწილებით, რომლის ფასი არის $38,600 , შეუზღუდავი გამოშვება ორფერიანი ტიტანიუმის მასალით, ოქროთი დამზადებული მასალითა და ოქროს მოსამართით, რომლის ფასია $17.800, და უჟანგავი რკინით/ტიტანიუმით დამზადებული ციფერბლატი, რომლის ფასი არის $10,400.


მასალების გადაბეჭდვის წესი