ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა 12-13 მარტს საქართველო-ისრაელის ინოვაციური ფორუმის გამართვის შესაძლებლობებს.
„ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მესმის, რომ ეკონომიკის განვითარების რაღაც ეტაპზე ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის თქვენთვისაც მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა ისრაელის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ასევე მნიშვნელოვანია ექსპორტის გაზრდა. გირჩევთ, აუცილებლად იმუშაოთ ამ მიმართულებითაც,“ -განაცხადა ისრაელის ელჩმა შეხვედრაზე.
ოფიციალური ინფორმაციითვე, საუბარი ასევე შეეხო ისრაელ-საქართველოს ინოვაციურ ფორუმის გამართვის ტექნიკურ დეტალებს, რომელიც 12-13 მარტს თბილისში მეორედ უნდა ჩატარდეს.
„ჩვენ შარშანაც მოვაწყეთ მსგავსი ღონისძება და გვსურს წელსაც გავმართოთ უფრო ფართო რაკურსით და ცნობილი ებრაული ბრენდები დავაინტერესოთ თქვენი ქვეყნით,“- განაცხადა „Globegateway“-ს პრეზიდენტმა ოდედ კაპიტოლნიკმა.
საპარტნიორო ფონდის განცხადებით, ირაკლი კოვზანაძემ ებრაელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ფონდისთვის პრიორიტეტული სექტორების შესახებ, რომელ სფეროებშიც ფონდის საინვესტიციო საქმიანობას ეწევა. ეს არის სოფლის მეურნეობა, წარმოება, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა.
“ებრაულმა მხარემ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა სოფლის მეურნეობის, სამედიცინო, ტრადიციული ინდუსტრიული სექტორების მიმართ. „Globegateway“ არის წამყვანი გლობალური ებრაული კომპანია, რომელიც ხელს უწყობს და ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებებს მთელს მსოფლიოში,”-წერია ფონდის განცხადებაში.
სააქციო საზოგადოება (JSC) საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს.