“ჩვენ ვაპირებთ, რომ მეორე მოსმენის დროს მხარი დავუჭიროთ ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურას, ეს აღარ არის საიდუმლო. რაც შეეხება სხვა კანდიდატურებს, ამაზე კონსულტაცია გრძელდება. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს პროცესი ჩვენ ვერ მივიყვანეთ ბოლომდე და არსებული 27 კანდიდატიდან ვერ შევარჩიეთ ის პიროვნებები, რომლებიც მაუწყებელში ახალი ტიპის სამეურვეო საბჭოს ჩამოყალიბებას და ახალი ტიპის ტრადიციების დამკვიდრებას შეუწყობდნენ ხელს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პროცესი საკმაოდ მალე დასრუდლება,” – განაცხადა ჩაფიძემ.
იგი ასევე განმარტავს, თუ რატომ არ დაუჭერს მხარს ნინია კაკაბაძის კანდიდატურას:
“არც პირველი მოსმენისას არ ვაპირებდი ქალბატონი ნინიას მხარდაჭერას, ის უკვე გახლდათ სამეურვეო საბჭოს წევრი და მისი მუშობიდან გამომდინარე მე არ დამინახავს რაიმე ისეთი განსაკუთრებული ცვლილებები, ან დაყენებული საკითხები სამეურვეო საბჭოში, რაც განაპირობებდა ჩემს მხარდაჭერას. ის, რომ კანდიდატურა წამოყენებულია ჩვენი მოწინააღმდეგე ძალის მიერ, ეს აპრიორი არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ კანდიდატურას მხარი დავუჭიროთ.”
თუმცა ელისო ჩაფიძის ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს- ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრი არ ყოფილა.
ხოლო საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ უმცირესობას თავისი კვოტა აქვს და უმრავლესობამ ამას პატივი უნდა სცეს:
“უმცირესობას თავისი კვოტა აქვს და ვისაც წარადგენს, ამას პატივისცემით ინდა მოეკიდოს უმრავლესობა. ჩვენი კანდიდატურები პარტიულები არ არიან. ისინი შესაბამისმა კომისიამ წარმოადგინა და ჩვენ ავირჩიეთ, და, სხვათა შორის, იგივე ქალბატონი სახოკია და მუსხელიშვილი ბევრად უფრო ასოცირდებიან პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვიდრე ნებისმიერი სხვა, მათ შორის ნინია კაკაბაძე.”
საპარლამენტო უმცირესობა ბორდის წევრობის კანდიდატებად ნინია კაკაბაძეს და ჯანა ჯავახიშვილს ასახელებს, სახალხო დამცველი- ლელა გაფრინდაშვილს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კანდიდატი გენო გელაძეა.