ახალი ამბები

კალაძე: ქუჩის მუსიკოსების მიმართ სანქციები არ დაწესდება

21 ივნისი, 2018 • 2406
კალაძე: ქუჩის მუსიკოსების მიმართ სანქციები არ დაწესდება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქუჩის მუსიკოსების მიმართ სანქციების დაწესება არ იგეგმება. დედაქალაქის მერის თქმით, მერია გეგმავს  ქუჩის მუსიკოსებს დაეხმაროს და ხელი შეუწყოს. კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობა საინტერესო პროექტებზე მუშაობს, რომელიც ფესტივალის გამართვასაც ითვალისწინებს:

„არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. არანაირი სანქციები არ წესდება, პირიქით, ქუჩის მუსიკოსებს ჩვენი მხრიდან თანადგომა ექნებათ. ვცდილობთ, ამ ადამიანებს დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ. ვმუშაობთ საინტერესო პროექტზე, ფესტივალის გაკეთება გვინდა“, – ამბობს კალაძე.

დღეს, 21 ივნისს ღამის თბილისის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ თქვა, რომ ქუჩის მუსიკოსებისთვის შესაძლოა რეგულაციები დაწესდეს, რომლის მიხედვითაც უნდა წარადგინონ თავიანთი რეპერტუარი და ის, თუ სად შეეძლება დადგომა.

სერგი გვარჯალაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ არიან ქუჩის მუსიკოსები, რომლებიც აკეთებენ მუსიკას, მაგრამ მათ გევრდით არიან ისინიც, ვინც ხმაურს ქმნიან. გვარჯალაძე ამბობს, რომ ლონდონის გამოცდილების მიხედვით, მუსიკოსი წინასწარ ათანხმებს რეპერტუარს და ადგილს, სად შეუძლია იმღეროს, რომელ საათებში. მისი თქმით, ლიცენზიები, მათ შორის ფულადი გადასახადი არ დაწესდება.

“მუსიკას უნდა უკრავდნენ და არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გაჭირვების გამო გამოვიდა”, – ამბობს გვარჯალაძე.

თუ ვინ გასცემს ნებართავს და რა ფორმით, ეს მოსაფიქრებელია, ამბობს გვარჯალაძე. იგი ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს საპილოტე პროექტი, მერიამ ჩაატარასო ქუჩის მუსიკის ფესტივალი, რომელიც განავითარებს ქუჩის მუსიკის სცენას.

ღამის ეკონომიკის პროექტის ხელძღვანელი ამბობს, რომ ფესტივალის ფარგლებში შესაძლოა შემსრულებლებმა ვიდეოები გამოაგზავნონონ და მოქალაქეების ჩართულობით და ხმის მიცემით გაარკვიონ გამარჯვებული.

რა მოხდება, თუ ქუჩის მუსიკოსი ნებართვის გარეშე დაუკრავს ქუჩაში? სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე დააკვირდებიან, ვინ არის, რა ტიპის მუსიკოსია.

ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაპირველად IPN-მა გაავრცელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი