ახალი ამბები

“იშხანის ტაძრის აღდგენა 2014 წელს დასრულდება, ხოლო ოშკის რეაბილიტაცია წელს დაიწყება”

21 იანვარი, 2014 • • 1079
“იშხანის ტაძრის აღდგენა 2014 წელს დასრულდება, ხოლო ოშკის რეაბილიტაცია წელს დაიწყება”

პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა ისტორიული ძეგლების დაცვისა და შენარჩუნებისთვის.

 

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი წინაპრების შემოქმედება გვენახა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ, ღვთის მადლით, საქართველოს და თურქეთს დღეს ისეთი ცივილიზებული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც პატივს სცემს, რუდუნებით უვლის და მომავალ თაობას უნახავს კულტურულ მემკვიდრეობას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც მარგველაშვილმა და ქართული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, თურქეთის ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრების მსვლელობისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხიც განიხილეს.

 

„შეხვედრების დროს მივიღეთ დაპირება, რომ იშხანის ტაძრის აღდგენა 2014 წელს დასრულდება, ხოლო რაც შეეხება ოშკს, მიმდინარე წელს პარალელურად დაიწყება მისი რეაბილიტაციის პროცესი, რომელშიც ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან“, – აღნიშნა ეროვნული უშიშროებოების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.

 

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით: „ანკარაში გამართული მოლაპარაკებების თვალსაზრისით, დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი – საქართველოს პრეზიდენტსა და ქართულ დელეგაციას თურქეთის მხარემ აღუთქვა, რომ ოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება“.

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში დაასრულა. მისი პრესსამსახურის მტკიცებით, “იგი ქვეყნის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში ოშკისა და იშხანის ტაძრები მოინახულა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი