ცირკის გენერალურმა დირექტორმა დემურ ლორიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო საცირკო კომპანიის დასს თბილისში წარმოდგენები უკვე დასრულებული ჰქონდა და კოლექტივი საქართველოს დატოვებას დღეისათვის გეგმავდა, თუმცა გუშინ, 20 იანვარს ასეთი ინციდენტი მოხდა:
“მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ამაზე თვითონ საცირკო დასის წარმომადგენლებმა უნდა ისაუბრონ, ლომი დავადანაშაულოთ თუ მომვლელი. დღეს უნდა დატვირთულიყვნენ მანქანებით და გასულიყვნენ. გუშინ მოხდა ეგ ამბავი და შევაყოვნეთ… კაცი საავადმყოფოში წევს. ისევ მანქანების მოცდენა ჯობია, ვიდრე ის, რომ რაღაც პრობლემები შეექმნას იმ პიროვნებას”, – აცხადებს ლორია.
უკრაინული საცირკო დასის თანამშრომელი ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკაშია (რესპუბლიკური) გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, შესაბამისი ცნობა კლინიკამ არ მოგვაწოდა. დემურ ლორიას განმარტებით, თბილისის ცირკი წარმოდგენებს თებერვლიდან განაახლებს, თუმცა ჯერ უცნობია, რომელი ქვეყნის დასი ჩამოვა საქართველოში.




