თაკო მერაბიშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რას უკავშირდება გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მისი ხელახალი დაბარება პროკურატურაში.
“ისევე, როგორც წინა ორ შემთხვევაში დროულად გამოვცხადდები დაკითხვაზე და კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ ვუპასუხებ გამომძიებლის შეკითხვებს, ვინაიდან ჩემს ინტერესებში შედის ამ საქმესთან დაკავშირებით საბოლოოდ სიმართლის დადგენა და საქმის დასრულება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მე უკვე ორჯერ მაქვს გამოძიებისთვის ჩვენება მიცემული და მათ სრულად მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, თუ რას უკავშირდება გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ჩემი ხელახალი დაბარება პროკურატურაში. მიმაჩნია, რომ ეს არის ზეწოლის მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან ჩვენს ოჯახზე და ამ გზით ცდილობენ მიაღწიონ იმას, რაც არ გამოუვიდათ წინა მთავარი პროკურორის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად,”- წერს თაკო მერაბიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
2006 წელს 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, შსს–ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი ვასილ სანოძე, შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მაშინდელი უფროსი გურამ დონაძე.
გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მაშინდელმა შსს-მ ამავე უწყების ოთხი თანამშრომელი – გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ავთანდილ აფციაურს, მიხეილ ბიბილურიძესა და ალექსანდრე ღაჭავას შვიდ-შვიდი წელი მიესაჯა. 2009 წლის მარტში კი ისინი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.
2011 წლის 21 აპრილს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმეზე. “სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სანდრო გირგვლიანის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება აშკარად იყო არაობიექტური, უსამართლო და მიკერძოებული. სასამართლო გამოძიებისას გამოვლენილმა გარემოებებმა ევროპის სასამართლო მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველომ არაკეთილსინდისიერად და მიკერძოებულად ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები”, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა 50 ათასი ევროს გადახდა გირგვლიანის ოჯახისთვის.