ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე “დევნილთა შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

21 იანვარი, 2014 •
საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე “დევნილთა შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე ამბობს, რომ მინისტრმა, მოადგილეებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და სხვა წარმატებულმა ბიზნესმენებმა სახელმწიფოსგან შემწეობა არ უნდა მიიღონ:

 

“მეორე მოსმენით განვიხილეთ კანონპროექტი, დამსწრეებს რაიმე შენიშვნა არ ჰქონიათ, შესაბამისად, ძალაშია ის შეზღუდვა, რომ დევნილებს, რომლებსაც 1250 ლარზე მეტი დასაბეგრი შემოსავალი აქვთ თვეში, მათ არ უნდა მიიღონ იმ თვეში დევნილის შემწეობა. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ყოველთვიური ინფორმაცია, თუ ვინ არიან ეს დევნილები, სხვანაირად ბიუჯეტს მოუწევს 7 ათასჯერ 45 ლარით მეტი ხარჯის გაწევა და თუ ეს მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება, თითქმის 5 მილიონამდე დამატებითი ხარჯი იქნება, ანუ დევნილის სტატუსის მატარებელი ყველა მოქალაქე მიიღებს დახმარებას, მათ შორის მეც ვარ, სხვათა შორის.”

 

პარლამენტმა 24 დეკემბერს პირველი მოსმენით 88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ  მხარი დაუჭირა “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას, რომლის თანახმად დევნილთა დახმარება 45 ლარამდე იზრდება.

 

“კანონპროექტი ადგენს დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის განმარტებებს, რომლებიც აყალიბებს ერთიან მიდგომას იძულებით გადაადგილების პერიოდში დევნილთა საცხოვრებელ ადგილთან მიმართებაში. ამ ტერმინების მიზანია დევნილებზე გაიცეს ერთი დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს როგორც ელექტროენერგიის, ასევე, სხვა კომუნალურების ხარჯებსაც,” – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში. 

 

კანონპროექტით მარტივდება დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურა, რადგან ისეთ დებულებებს, როგორებიცაა დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი და მისი უფლებები და მოვალეობები, კანონპროექტი არ ითვალისწინებს. 

 

კანონპროექტი ასევე ეხება დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლებს. კერძოდ, დევნილს შემწეობა შეუწყდება, თუ დევნილის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1250 ლარს და მეტს, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფელბამოსილი ორგანოს შესაბამისი მონაცემებით.

 

კანონპროექტში რჩება ის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც დევნილს შეუწყდება შემწეობა, თუ ის პირადი განცხადების საფუძველზე არის თანახმა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღების თობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი