ახალი ამბები

ზაზა გაბუნია: ტელეანძის განათების გათიშვით მერია საკრებულოზე ზეწოლას ცდილობს

20 იანვარი, 2014 •
ზაზა გაბუნია: ტელეანძის განათების გათიშვით მერია საკრებულოზე ზეწოლას ცდილობს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, მერიის მიერ ტელეანძის გამორთვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ მერიის ამ გადაწყვეტილების მიზეზი საკრებულოს ზეწოლის მოხდენის მცდელობაა, რათა დამტკიცებულ იქნას ბიუჯეტი, რომელიც მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში შედის”.

 

“პროვოკატორთა ჯგუფი სახელად “ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის სასახლის ჩაბნელების შემდეგ ამჯერად ტელეანძის ჩაქრობით აგრძელებს საკუთარ პროვოკაციურ სერიას. მათ ამ თვეში ჰქონდათ 60 მილიონამდე ლარი, რომლითაც არათუ ანძის, არამედ ყველა საჭიროების ფინანსური უზრუნველყოფა შეიძლებოდა, მაგრამ მათ აირჩიეს ზეწოლის და პროვოკაციის გზა, რის გამოც ეს ამბავი “ნაციონალური მოძრაობისთვის” სევდიანად დასრულდება”,- ამბობს გაბუნია. 

მისი თქმით, მერიის ქმედება ხელს შეუშლის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლობას. მან მიანიშნა იმაზე, რომ მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის მორიგი პროექტი წარუდგინა განსახილველად. ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, თბილისის მერიიიდან განხორციელდა ზარი, რომლითაც მოითხოვეს ანძის გათიშვა და რეალურად ამის გამომწვევი არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობდა.

 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს საღამოს ტელეანძის განათება შეწყდა. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ დღეს განაცხადა, რომ ამის მიზეზი საკრებულოს მიერ ბიუჯეტის არდამტკიცებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი