ახალი ამბები

სექსუალური უმცირესობების მდგომარეობა საქართველოს ციხეებში და ადამიანის უფლებები

20 იანვარი, 2014 •
სექსუალური უმცირესობების მდგომარეობა საქართველოს ციხეებში და ადამიანის უფლებები

ერთ-ერთი წარმოდგენილი კვლევა, რომელზეც ნინო ბოლქვაძემ, “იდენტობის” წარმომადგენელმა ისაუბრა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში MSM ჯგუფის (men who have sex with men – კაცები, რომლებსაც გააჩნიათ სექსუალური პრაქტიკა კაცებთან) აივ პრევენციასთან დაკავშირებით საჭიროებების შესახებ იყო.  


ბოლქვაძის თქმით, საქართველოს ციხეებში დღემდე არის შემორჩენილი პატიმრების სეგრეგაცია მათი სექსუალური იდენტობისა თუ ქცევის მიხედვით. 


“დაწესებულებებში არის ე.წ. საქათმეები, სადაც ნაწილდებიან მსმ პატიმრები. ამავე საკნებში არიან ისინიც, ვინც სექსუალური ქცევის გამო ისჯება. არსებობს ასევე ე.წ. კარგი ბიჭების საკნები და საკნები შუალედური კატეგორიისთვის. შუალედური კატეგორია ძირითადად გარკვეული ტიპის შრომით არის დაკავებული. ასეთი სეგრეგაცია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებობს. არ შეიძლება ე.წ. კარგი ბიჭები ერთ საკანში იმყოფებოდნენ, მათთან ერთად მიიღონ საკვები, დალიონ წყალი და ა.შ. პატიმრების შუალედური კატეგორია, ე.წ. მუჟიკები ხშირად სწორედ იმით არის დაკავებული, რომ საკვებით მოამარაგონ ე.წ. ქათმები, რათა კარგ ბიჭებს მათთან შეხება არ ჰქონდეთ. ე.წ. ქათმები ციხეებში ყველაზე შრომატევადი და ბინძური შრომით არის დაკავებული, კარგი ბიჭებისგან განსხვავებით, რომლებიც საერთოდ არანაირი ტიპის შრომას არ ეწევიან. ეს ყველაფერი დაუწერელი წესებია,”- ამბობს ნინო ბოლქვაძე.


ბოლქვაძის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც პატიმრებს სპეციალური სამკლაურები ეკეთათ, რათა ისინი სხვა პატიმრებისგან გამორჩეულები ყოფილიყვნენ.


მისივე განმარტებით, ამ მხრივ, დისკრიმინაციას განიცდიან არასრულწლოვანი პატიმრებიც. 


“ამ კვლევას, ციხეში სამინისტროს თანხმობით ვატარებდით კვლევას, შესაბამისად, სამინისტრო ინფორმირებულია ამ პრობლემაზე და აქტიურად ფიქრობს გამოსავლის მოძებნაზე,”- აცხადებს კვლევის თანაავტორი, ირაკლი ვაჭარაძე.


დღესვე წარმოდგენილი სხვა კვლევა საქართველოში გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერი მამაკაცების უფლებებს შეეხებოდა. “იდენტობის” ხელმძღვანელის, ირაკლი ვაჭარაძის თქმით, რომელმაც აღნიშნული კვლევის შედეგები წარმოადგინა, თქვა, რომ კვლევაში მონაწილეობა იმ 110-მა მამაკაცმა მიიღო, ვისაც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ განცხადებული აქვს. 

 

კვლევით დადგინდა, რომ მათგან ყოველი მეხუთე, სექსუალური ორიენტაციის გამო, ბოლო 2 წლის განმავლობაში 3 -ჯერ მაინც გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ვაჭარაძის განმარტებით, ფიზიკური შეურაცხყოფა გამოიხატებოდა, მაგალითად,  ცემაში, დარტყმაში, პანჩურის ამორტყმაში, იარაღის დამიზნებაში და ა.შ. მოძალადეები კი, უფრო ხშირად არიან უცნობები. ყველაზე ხშირად ფიზიკურ ძალადობას, გამოკითხულთა თქმით, ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსში და ღამის კლუბებში განიცდიან. 


ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც “იდენტობის” ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს, კვლევაში მონაწილეთა დამოკიდებულებაა სამართალდამცავების მიმართ. 

 

“პოლიციის მიმართ ნდობა არ აქვთ და თითქმის არ მიმართავენ სამართალდამცავებს, თუმცა ის მცირე ნაწილი, ვინც მიმართა, აცხადებს, რომ პოლიცია არ არის მათ მიმართ უარყოფითად განწყობილი, და უფრო ხშირად არიან ნეიტრალურები. უბრალოდ, პოლიციამდე მისვლა არ ხდება. საჭიროა, რომ ეს ნდობა გაიზარდოს. პოლიციას პირვლადი ნდობა აქვს მოსაპოვებელი,”- ამბობს ირაკლი ვაჭარაძე. 

 

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, კვლევაში მონაწილე ყველა რესპონდენტის თქმით, ყველა მათგანი განიცდიდა ამ ტიპის ძალადობას.

 

 

 

არის ამავე კვლევის სხვა მონაცემებიც. მაგალითად, გამოკითხულთა 38% საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას სამსახურში მალავს.

 

“მაგალითად, გამოკითხულთა 17%-ს ემუქრებოდენ ორიენტაციის გამჟღავნებით, რაც დიდი ციფრია. იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახებში რეკავენ და მათი ოჯახის წევრების შესახებ უყვებიან, და ამრიგად ხდება ადამიანების სურვილის საწინააღმდეგოდ მათი იდენტობის გამჟღავნება. შეგვილიძია ვთქვათ, რომ საქართველოში ადამიანის პირადი ცხოვრება არ არის დაცული,”- აცხადებს ვაჭარაძე.  

 

კვლევების შედეგების წარმოდგენის შემდეგ ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოში სხვადასხვა არასამთავრობო ოგანიზაციების წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. 

 

ბაია პატარაიამ, კავშირი “საფარის” წარმომადგენელმა, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და შენიშვნები წარმოადგინა.  ძირითადი შენიშვნები მას განათლების სფეროს კომპონენტთან აქვს. 


“ძალიან მნიშნველოვანია განათლების კომპონენტი, რომელიც უფრო ღრმა უნდა იყოს. გენდერული სტერეოტიპები, რომელიც შემდგომში ქალებს უამრავ პრობელმას უქმნის, მოდის სკოლამდელი და სკოლის ასაკის განათლებიდან. სახელმძღავნელოებში ეს საკითხები არ წერია. აუცლებელია, რომ სახელმძღვანელოს გრიფირების დროს სერიოზული ანალიზი მოხდეს და დაკორექტირდეს ამ მხრივ. მნიშნველოვანია ასევე მასწავლებელების თემაც. ისინი თავად ძალიან ხშირად არიან ამ მენტალიტეტისა და სექსიზმის წყარო. აუცილებელია ამ მხრივ მათთან მუშაობა. გარდა ამისა, არ არის არსად ნახსენები ნაადრევი ქორწინებები, რომელიც ძალიან ხშირად არის სკოლის ადრე მიტოვების მიზეზი და დაკავშირებულია ასევე სექსუალური ძალადობის თემასთან. არ არის ნახსენები რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, რომელზეც ინფორმაციის მიღება საშუალო განათლების ეტაპზევე უნდა ხდებოდესმ”- ამბობს პატარაია.


მისივე თქმით, აღნიშნულ სამოქმედო გეგმაში ძალიან მწირია გეგმა სამართალდამცავებთან სამუშაოს კუთხით და მხოლოდ რამდენიმე ტრენინგი, რომელიც მათ უტარდებათ, ვითარებას ვერ გამოასწორებს.


“ეს უნდა იყოს ძალიან განგრძობითი სამუშაოები, უნდა შეიქმნას მოდულები, რათა ის შედეგები მაინც არ დავკარგოთ, რაც აქამდე არსებობს.” 

 

ადამიანის უფლებების ერთ-ერთ საკითხზე, კერძოდ, 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე ისაუბრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, გიორგი გოცირიძემ. 

 

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ საკითხზე განაცხადი უკვე წარდგენილია. “მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ საერთაშორისო კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, რათა ვერ უზრუნველყო მან იმ დღეს ფლეშ-მობის მონაწილეთა უსაფრთხოება,”- განაცხადა გოცირიძემ. 

 

 წინწყაროში, სამთაწყაროში, ნიგვზიანსა და ჭელაში რელიგიურ კონფიქტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ცალკე მოხსენება თამთა მიქელაძემ, ადამიანების უფლებების სწვლებისა და მონიტორნგის ცენტრის წარმომადგენელმა გააკეთა. 


მისი თქმით, აღნიშნულ სოფლებში პროცესების შესწავლამ ცხადყო, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო კონფლიქტების მოგვარების დროს სეკულარული ჩარჩო. 


“არაერთი ჩაღრმავებული ინტერვიუ გვქონდა როგორც ქრისტიანული, ასევე, აჭარელი მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან. მაგალითად, ერთ-ერთმა მასწავლებელმა ნიგვზიანში აჭარელ მუსლმ მოსწავლეებს განუცხადა, რომ თურქმა დამპყრობლებმა მათი მამები დახოცეს, დედები გააუპატიურეს და იმისთვის, რომ სრულფასოვანი ადამიანები გახდეთ, პირველადი რელიგია უნდა დაიუბრონოთო,”- ამბობს მიქელაძე. 

 

შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციამ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული გამოავლინა და დააჯილდოვა.

 

2013 წლის უფლებადამცველი ჟურნალისტის ნომინაციაში გიორგი კიკონიშვილმა გაიმარჯვა, რომელიც ამჟამად “ნეტგაზეთში” აწარმოებს საავტორო სვეტს. სახელმწიფო მოხელეებს შორის ჯილდო საპარლამენტო უმრავლესობის წევრს – თამარ კორძაიას გადაეცა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ გაიმარჯვა. სამოქალაქო აქტივისტის ნომინაციაში გამარჯვებული იურისტი თამარ გურჩიანი გახდა, რომელმაც შეხვედრის ბოლოს კომენტარი გააკეთა.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი