ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება:
“პირველ რიგში, ძალინ მნიშვნელოვანია, რომ სენატის და კონგრესის წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოს ესტუმრა. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება ჩვენს ქვეყნებს შორის. შეერთებული შტატები არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ცალკე აღებული ქვეყანა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ჩვენ ვართ მადლობელი ამ თანამშრომლობისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო აშშ-ის დელეგაციას იმ ვითარებაში ხვდება, როცა ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება და ხელისუფლებას მოდუნებული აქვს ძალისხმევა რუსეთის ფედერაციაზე საერთაშორისო წნეხის განსახორციელებლად. ბუნებრივია, ჩვენმა პარტნიორებმა მოისმინეს ცნობილი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო და მისი ხელისუფლება ფოკუსირებული უნდა იყოს არა ოპონენტების დევნაზე, ციხეში ჩასმაზე და ღამით საკნიდან გამოყვანაზე და ტომრის ჩამოცმაზე, არამედ ქვეყნის სტრატეგიული საკითხების და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე, ჩვენ ამას, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავთ”, – განაცხადა ბოკერიამ.
აშშ–ის დელეგაცია საქართველოს დღეს, 19 იანვარს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან, მთავრობის წევრებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.