დღევანდელ შეკრებაზე მისულმა ათეულობით მოქალაქემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის მიმართ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატა. აქციის მონაწილეები ხატავდნენ ნახატებს, რომლებიც იქვე ტერიტორიაზე გააკრეს, ბერავდნენ საპნის ბუშტებს, ნაჭრებზე წერდნენ მთავარ სლოგანებს, მაგალითად, “მე მიყვარს ვაკის პარკი”, “დაიცავი ვაკის პარკი” და სხვა.
აქციის ორგანიზატორი “პარტიზანული მებარეობაა”. მისი დამფუძნებელი ნატა ფერაძე ამბობს, რომ მსგავსი აქციები კვლავ გაგრძელდება:
“ვაკის პარკი ყველასი ჩვენია და ასეთი ფორმით გავაგრძელებთ სიამოვნების მიღებას, ცხოვრებას და სოციალურ აქტივობებს. ჩვენ ვართ მოსახლეები, რომლებსაც ბრძოლა კი არ გვინდა, მშვიდად ყოფნა და სიამოვნებიs მიღება გვსურს. პარკის ათვისება გვინდა სასიამოვნო აქტიურობებით. ეს უნდა იყოს ყოველდღიური ცხოვრება და არ უნდა იყოს კერძო ტერიტორია, სადაც მხოლოდ VIP კლიენტებმა შეიძლება იარონ”– ამბობს ნატა ფერაძე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის ლაშა ბაქრაძის თქმით, თბილისში ნებისმიერი ხის გამო ღირს ბრძოლა:
“ კატასტროფულ ეკოლოგიურ სიტუაციაში ვცხოვრობთ და ჰაერი არ არის ბავშვებისათვის სასუნთქი, ჩვენზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი აქციები მოეწყოს და, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს ამას. როცა მხიარულებაა, არ არის დაბოღმილი სახეები, მე ვფიქრობ, ასეთ აქციებს ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა და ფასეულობა აქვს”.
“ვაკის პარკის დასაცავად” რამდენიმე აქცია უკვე ჩატარდა. მოქალაეების პარკში სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. მათი მთავარი პრეტენზია თბილისის მერიისკენ არის მიმართული. მშენებარე სასტუმროსთან დაკავშირებულ ფაქტებს და მხარეების არგუმენტებს შეგიძლიათ ამ სტატიაში გაეცნოთ.
























