დელეგაციას სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელმძღვანელობს. შემადგენლობაში ასევე არიან სენატორი ჯონ ბუზმანი და კონგრესმენები ვერნ ბიუქენენი, ენდერ კრენშო, ენ კირკპატრიკი და სტივ პირსი, ასევე, სენატის შესაბამისი კომიტეტების მრჩევლები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ყოფნისას აღნიშნული დელეგაციები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კერძოდ, დაგეგმილია აშშ-ის კონგრესის დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრებთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრთან, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელთან, საპარლამენტო უმრავლესობი და უმცირესობის წევრებთან, და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან.
“ამერიკელ კონგრესმენთა და სენატორთა დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მხარეები მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, საუბარი შეეხება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს”. – ნათქვამია განცხადებაში.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ აშშ–ის დელეგაციასთან შეხვედრისას სტრატეგიული საკითხების გარდა ქვეყნის შიგნით აქტუალურ საკითხებსაც განიხილავენ:
“წინა წლებიდან გვაქვს უკვე ძალიან აქტიური პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ–სთან, და სწორედ ეს თემები იქნება განხილული. გარდა ამისა, არის ძალიან ბევრი საჭირბოროტო საკითხი ქვეყანაში, დაწყებული ეკონომიკური განვითარებით, ჩვენი პოლიტიკური ვითარებით, იმ ვითარებით, რომელშიც არის მთავარი ოპოზიციური პარტია, როცა მისის რამდენიმე ლიდერი პატიმრობაში იმყოფება და წინ გვაქვს ძალინ სერიოზული გზა გასავლელი ასოცირების ხელშეკრულებამდე. როგორც ირკვევა, ამერიკული მხარე ძალიან დაინტერესებულია”– განაცხადა გიგი წერეთელმა “რუსთავი 2″–თან საუბრისას.




