ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ომბუდსმენის რეკომენდაციის საფუძველზე შემოწმება დაიწყო

18 იანვარი, 2014 •
სასჯელაღსრულების სამინისტრომ ომბუდსმენის რეკომენდაციის საფუძველზე შემოწმება დაიწყო

სახალხო დამცველის რეკომენდაციაში მითითებული იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ორი მსჯავრდებულის, ს.ქ-სა და რ.გ-სთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ გარდა აღნიშნულისა, სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში მიუთითა აღნიშნული პირების N6 დაწესებულებაში გადაყვანის დროზეც და ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა გვიან ღამით სხვა დაწესებულებაში გადაყვანის მიზანშეწონილობაზე, რაზეც სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული მსჯავრდებულების დაუყოვნებლივ გადაყვანის საჭიროება  მათი სხვა მსჯავრდებულებთან დაპირისპირების საფრთხემ და რეჟიმისადმი სისტემატურმა დაუმორჩილებლობამ განაპირობა.


“კერძოდ,  2013 წლის  12 სექტემბერს მსჯავრდებულმა ს.ქ-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა #15 დაწესებულების მორიგე ექიმს, დ.ხ-ს. აღნიშნულზე ფაქტზე დაწყებულია წინასწარი გამოძიება. 2014 წლის 11 იანვარს მან კვლავ მიაყენა   ექიმს  სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც გამოეცხადა საყვედური, 14 იანვარს კი  მან და მისმა თანამესაკნემ რ.გ-მ დაწესებულების  სოციალურ მუშაკს ა.ზ-ს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ მსჯავრდებულებზე არ ახდენს გავლენას მათ მიმართ გამოყენებული დისციპლინული სახდელები, ამასთან, ისინი ბოროტად სარგებლობდნენ იმით, რომ განთავსებულნი იყვნენ სამედიცინო ნაწილში და ითვლებოდნენ ავადმყოფებად. არ ემორჩილებოდნენ დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს, იმუქრებოდნენ თვითდაზიანებებით და იყვნენ აგრესიულები. გარდა ამისა, ს.ქ-სა და რ.გ-ს სასჯელის ზომა ითვალისწინებს მათ განთავსებას დახურული ტიპის დაწესებულებაში”.– ნათქვამია განცხადებაში. 

 

უწყების ინფორმაციით, სამსახურებრივი შემოწმების შედეგები და შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება მისი დასრულებისთანავე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი