მოკვლევა სასჯელაღსრულების სამინისტრომ ჩაატარა, რისი დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ფირები, რომელზეც ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იქნებოდა აღწერილი, ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, 24 საათში იშლება.
“რამდენ საათში იშლებოდა და როგორ იშლებოდა, გითხრათ სიმართლე, ეს რეგულაციები ძირითადად მოდის ვანო მერაბიშვილის დროიდან, მათი ხელისუფლების დროიდან. მთლიანად ამ სისტემის გამართვას ჭირდება ძალიან დიდი თანხები, გარკვეული დროც და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რომ ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდეს. 24 საათის განმავლობაში ამის შესახებ ვერ გახდებოდა ცნობილი, რადგან ვანო მერაბიშვილმა მეოთხე დღეს გააკეთა განცხადება [ საკნიდან გაყვანის შესახებ]. თუმცა დავით უსუფაშვილს დავეთანხმები, მაშინვე რომ გაგვეკეთებინა განცხადება, შეიძლება პიარულად გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. უბრალოდ, ჩვენ დაველოდეთ, როდის დამთავრდებოდა სრული მოკვლევა”.– განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პალიტრა TV–ის გადაცემაში “ემას შოუ” სტუმრობისას, ფირების წაშლის საკითხზე ისაუბრა და სოზარ სუბარს შეკითხვით მიმართა.
“ვინაიდან ამ ვიდეობის არსებობა-არარსებობის თაობაზე თავიდანვე იყო ინტერესი, ხომ არ ჯობდა, ვეკითხები ბატონ სოზარს, ის ფაქტი, რომ ჩანაწერები 24 საათის შემდეგ იყო წაშლილი, იმიტომ, რომ სისტემა ასეთია, საზოგადოებისთვის გვეთქვა შემდეგი 24 საათის განმავლობაში, ან იმ მომენტში, როდესაც ეს თავად მინისტრისთვის გახდა ცნობილი. კიდევ მაქვს ეს კითხვა და მე მგონი, ამ კითხვაში პასუხიცაა, მე მგონი, ჯობდა, თავიდან ავიცილებდით ამ ხმაურს და აურზაურს ამ თემაზე”. – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მერაბიშვილმა მთავარი პროკურორის მხრიდან მუქარის შესახებ 2013 წლის 17 დეკემბერს განაცხადა. მისი თქმით, იგი შუაღამისას გაიყვანეს საკნიდან და მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მასზე ზეწოლა განახორციელა, რათა მას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეებზე ეთანამშრომლა მათთან.
მერაბიშვილის განცხადების შემდეგ როგორც ოპოზიცია, ასევე, არასამთავრობო სექტორი და ომბუდსმენი ითხოვდა გამოძიების დაწყებას ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. მოგვიანებით საქმის მოკვლევას სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაიწყო.




