ახალი ამბები

მცირემიწიან ფერმერებს “აგრო ბარათებს” “ლიბერთი ბანკი” დაუმზადებს

17 იანვარი, 2014 •
მცირემიწიან ფერმერებს “აგრო ბარათებს” “ლიბერთი ბანკი” დაუმზადებს

მცირემიწიანი ფერმერები “აგრო ბარათს” მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ქულებით ნედლეულის შეძენაში გამოიყენებენ. ფერმერები ბარათს უსასყიდლოდ მიიღებენ.

      

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ,,აგრო ბარათი“ წარმოადგენს თანამედროვე, უკონტაქტო ტიპის ბარათს მულტისავალუტო ანგარიშით, რომლის მფლობელიც დამატებითი უპირატესობებით ისარგებლებს. 

     

“აგრო ბარათზე”, რომელსაც ათწლიანი ვადა აქვს, განთავსებულ ლარში დენომინირებულ ნაშთებს (სუბსიდიის ქულების გამოკლებით) დაერიცხება საპროცენტო სარგებელი წლიური 5%-10%-ის ოდენობით

 

ბარათის მფლობელები ჩაერთვებიან ლიბერთი ბანკის კლიენტების ლოიალობის პროგრამაში და ისარგებლებენ 10%-დან 50%-მდე ფასდაკლებით 100-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში. ბარათის გამოყენების ინსტრუქცია 30 იანვრიდან შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.agricard.pay.ge.

 

ფერმერებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მობილური ტელეფონის საშუალებით აკონტროლონ საკუთარი ბალანსები, შეღავათიანი ტარიფებით გადაიხადონ კომუნალური გადასახდელები, განახორციელონ ტრანზაქციები “თიბისი ბანკისა” და ლიბერთი ბანკის ტერმინალებსა და ბანკომატებში და ისარგებლონ ლიბერთი ბანკის სხვა პროდუქტების შეღავათიანი პირობებით

 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება 17 იანვარს გააფორმეს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, “ლიბერთი ბანკს” სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება და საქართველოში ტერიტორიაზე ყველაზე ფართო ქსელი აქვს, რომელიც მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პროექტების მართვის სააგენტოს ამ ინიციატივას და მზადაა მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა მსგავსი სახის სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო პროექტებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი