როგორც მისი დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ფრაქციის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, დეპუტატებმა თვითმმართველობის კოდექსი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტების საკითხები განიხილეს, რაზეც პარლამენტმა მომდევნო კვირის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.
ვოლსკის თქმით, საუბარი შეეხო საარჩევნო ბარიერს თბილისის მერის არჩევნებისთვის. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გამარჯვებისთვის კანდიდატმა 30–პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს, მმართველი გუნდის დეპუტაციას კი ამ ბარიერის გაზრდა სურს:
“40 პროცენტი არის გაცილებით მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული ადამიანი, ვიდრე ეს აქამდე გვქონდა. ფაქტია, რომ მერების და გამგებლების არჩევნები ტარდება. ეს არის საზოგადოების პირდაპირი მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. ჯერ პირველი ნაბიჯი გადაიდგმება, მაგრამ ეს საკმაოდ მძლავრი ნაბიჯია, თუ 40 პროცენტი იქნება და არა 30 პროცენტი. ჩამოვაყალიბდებით და იმედია, რომ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩემი აზრით, 40–პროცენტიანი ბარიერი ოპტიმალურია”.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის საკითხს, ვოლსკის თქმით, დეპუტატები არ ცვლიან თავის მოსაზრებებს ნინია კაკბაძის, ლელა გაფრინდაშვილისა და გენო გელაძის საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც პარლამენტის წინა სხდომაზე ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს. როგორც ცნობილია, კაკაბაძე, გელაძე და გაფრინდაშვილი უმცირესობამ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ და სახალხო დამცველმა ბორდის წევრობის კანდიდატებად კიდევ ერთხელ დაასახელეს და პარლამენტმა მათ კენჭი ახლიდან უნდა უყაროს:
“ვერ ვცლით პოზიციას. მე საერთოდ ცოტა უცნაურადაც მივიჩნევ პირადად და ბევრი მეთანხმება ამაში… შეიძლება მოხდეს [ასეთი რამ]. დემოკრატიული, ნორმალური საზოგადოებაა, მათ შორის პოლიტიკოსები, და ვერ მიიღეს გადაწყვეტილება სრულად დაკომპლექტების თაობაზე. ახლა მივიღებთ გადაწყვეტილებას, კიდევ გავზრდით შესაძლებლობას, აღარ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვა. საზოაგდოებას უნდა ჰქონდეს სრული იმედი, რომ ხარისხიანი, მაღალი დონის საბჭო იქნება. 3 პიროვნება ავირჩიეთ, დანარჩენების არჩევის თემაზე გავაგრძელებთ ლაპარაკს. არ არის გამორიცხული, კიდევ გავზარდოთ შესაძლებლობა, რომ საზოგადოებიდან დამატებით შემოვიდეს განცხადები. თუ როგორ ჩამოყალიბდება ეს გადაწყვეტილება, ამას უახლოეს პერიოდში გაიგებთ”.
ვოლსკი არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს, რომ ეს ახალი განცხადები მაუწყებლის ბორდის იმ შესარჩევმა კომისიამ განიხილოს, რომელიც ახლა არსებობს ზვიად ქორიძის ხელმძღვანელობით:
“არაფერი არ მინდა ჯერ ვთქვა… სხვადასხვა პოზიციაა და შევჯერდებით ამაზე”.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ უჭერს ფაქციის ლიდერი მხარს კაკაბაძის, გაფრინდაშვილისა და გელაძის კანდიდატურებს, ვოლსკი ამბობს, რომ აქ არა პოლიტიკურ, არამედ პროფესიულ ნიშნებზეა საუბარი, თუმცა ვერ ასახელებს ვერც ერთ შენიშვნას, რომელიც მას ხსენებული კანდიდატების პროფესიონალიზმის მიმართ აქვს:
“მე მოველი, რომ უკეთესი კანდიდატურები იქნეს განხილული”.