ახალი ამბები

ომბუდსმენი: მსჯავრდებულს ფიზიკური დაზიანება აქვს მიყენებული

17 იანვარი, 2014 •
ომბუდსმენი: მსჯავრდებულს ფიზიკური დაზიანება აქვს მიყენებული

სახალხო დამცველი რწმუნებულებმა მსჯავრდებულები, ს.ქ. და რ.გ. 2014 წლის 15 იანვარს მოინახულეს.

 

მსჯავრდებულებმა ომბუდსმენის რწმუნებულებს განუმარტეს, რომ 2014 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში მათთან პალატაში შევიდა დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი და მოსთხოვა დაწესებულების დირექტორთან გაყოლა.

 

მსჯავრდებულთა განცხადებით, ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისთანავე მათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოუტრიალეს ხელები, დაადეს ხელბორკილები, წააქციეს და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ამის შემდგომ მსჯავრდებულები საბადრაგო მანქანით სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მსჯავრდებულთა მიღების დროდ მითითებულია 01:00 საათი. მე-6 დაწესებულებაში მიყვანისას მსჯავრდებულ ს.ქ.-ს აღენიშნებოდა დაზიანების კვალი, რაც დაფიქსირდა დაწესებულების ექიმის მიერ.

 

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნულ განცხადებაზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძება, ხოლო გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე წინადადება გადაიგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი