“ჩვენ უკვე ერთი კვირაა, როგორც სატელეფონო ზარებით, ასევე, ოფიციალური წერილებით ვთხოვთ მერიას, მოგვაწოდონ ამ თვის 60 მილიონი ლარის ჩაშლილი ვარიანტი, რომელიც მთლიანი ბიუჯეტის 1/12 წარმოადგენს, რადგან აუცილებელია დეტალურად ვიცოდეთ, თუ რაში გაიხარჯება ეს თანხა. მიმაჩნია, რომ პრობლემები, რაზეც ჩემი ოპონენტი კოლეგები საუბრობენ, მხოლოდ სიტყვებია, რადგან ძალიან კარგად ჩანს, რომ ქალაქი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს არსებობას. ამიტომ კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ გვჭირდება დეტალური ინფორმაცია, რათა განვიხილოთ, ვიმსჯელოთ და მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.
რაც შეეხება მათ მოსაზრებებს, რომელიც სამომავლო პრობლემებს გულისხმობს, რეალობასაა მოწყვეტილი, რადგან ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ბიუჯეტის მიღება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ოპონენტი კოლეგების გამოსვლები პოლიტიკურ ჭრილში გადადის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი საკრებულოს წინააღმდეგ შავი პიარის აგორებით არიან დაკავებულნი“,- განაცხადა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ დავით ჯინჭარაძემ.
საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაკა გვარამია მიიჩნევს, რომ გამგეობა საბოტაჟს მიზანმიმართულად ახორციელებს.
“ამ თვის ბიუჯეტში მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური საკითხებისთვის გამოყოფილია 14 მილიონი ლარი. თანხის სოლიდურობიდან გამომდინარე თვის განმავლობაში მათ მუშაობის მხრივ არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნათ. ჩვენთან მოდიან მოქალაქეები, რომელნიც აღნიშნავენ, რომ როდესაც მიმართავენ გამგეობას სოციალურ თუ ჯანდაცვის საკითხთან დაკავშირებით, მათ უცხადებენ, რომ რამდენადაც საკრებულომ არ დაამტკიცა ბიუჯეტი, ვერ დაეხმარებიან. მე მივმართავ ყველა მოქალაქეს, რომელთაც შეექმნებათ მსგავსი სახის პრობლემა, დაგვიკავშირდით საკრებულოს ცხელ ხაზზე და ჩვენ გავატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს”, – აღნიშნა მაკა გვარამიამ.




