ახალი ამბები

მამუკა ქაცარავა: ბიუჯეტის არქონის გამო დედაქალაქში პრობლემები თებერვლიდან დაიწყება

17 იანვარი, 2014 •
მამუკა ქაცარავა: ბიუჯეტის არქონის გამო დედაქალაქში პრობლემები თებერვლიდან დაიწყება

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას განცხადებით, პრობლემების დაწყება თებერვლიდან უკვე მოსალოდნელია:

 

მამუკა ქაცარავა
მამუკა ქაცარავა

“სოციალური პროგრამების ხარჯვითი ნაწილის დაფინანსება, ძირითადად, თებერვლიდან იწყება, მათ შორისაა კლინიკის პროგრამა ონკოლოგიაში, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, სოციალური სერვისების გაცემა, ამიტომ ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში, გარკვეული პროგრამების შესრულებას საფრთხე დაემუქრება, სხვა შემთხვევაში მათი ამოქმედება გარკვეული მანევრირების ხარჯზე მოგვიწევს, თუმცა ხარვეზებისგან დაზღვეული ვერ ვიქნებით. რაც შეეხება შემდგომ თვეებს, აქ პრობლემა უფრო თვალნათლივი გახდება. ამიტომ ყველა სოციალური თუ ჯანდაცვის პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტის დამტკიცება აუცილებელია’’, – აცხადებს მამუკა ქაცარავამ.


საკრებულოს წევრის, კახა ბროკიშვილის შეფასებით, გარდა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისა, პრობლემა უფასო სასადილოებსაც შეექმნებათ, ვინაიდან ბენეფიციართა რაოდენობა გაზრდილია და 60 მილონი მხოლოდ მანამდე არსებულის დაფინანსების საშუალებას იძლევა:


“პრობლემა იქმნება ახალი პრიორიტეტების მხრივაც, რადგან ისინი ამ წლის ბიუჯეტში უნდა ასახულიყო და ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე მათი დაწყება შეუძლებელია. ფაქტია ის, რომ თუ მარტისთვის ბიუჯეტი არ იქნება დამტკიცებული, კანონის მიხედვით, საკრებულო დაშლილად ცხადდება და მერია ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირ მმართველობაში გადადის, რის შემდეგაც არჩევნები ორმოცდახუთ დღეში უნდა დაინიშნოს. ეს სერიოზულ პოლიტიკურ კატაკლიზმებს გამოიწვევს. ამ დროს ბიზნესი, რომელიც საკმაოდ ფრთხილია, გახდება თავშეკავებული, არანაირ პროექტებს ის აღარ განახორციელებს და თბილისს მივიღებთ ერთ დიდ დეპრესიულ ზონად”,- აღნიშნა კახა ბროკიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი