ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილიც ესწრებოდა, რომელსაც “ნეტგაზეთმა” იმის განმარტება სთხოვა, თუ რა ეტაპზეა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მიმდინარე სამუშაო პროცესი:
“ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ევროკავშირის მხრიდან წარდგენილია ყველა იმ პარტნიორი ქვეყნისთვის, რომელიც ცდილობს, რომ ევროგაერთიანებასთან უვიზო მიმოსვლა მოიპოვოს, რაც შენგენის ქვეყნების საერთო სივრცეში უვიზო მიმოსვლას გულისხმობს. ეს გეგმა შედგება ორი ფაზისაგან: ერთია საკანონმდებლო, რომელიც ნიშნავს, რომ შესაბამისი კანონები უნდა მივიღოთ სხვადასხვა მიმართულებით, დაწყებული მიგრაციით – დამთავრებული ადამიანის უფლებათა თემით. მეორე ფაზა არის იმპლემენტაციის დონე. ყოველი ფაზის ფარგლებში ევროკავშირი აგზავნის სპეციალურ შემფასებელ მისიებს, აფასებს მდგომარეობას, თუ რამდენად მზად არის ქვეყანა, და შემდეგი ნაბიჯისთვის იძლევა რეკომენდაციას. ამის საფუძველზე ევოკავშირის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას: დაასრულა თუ არა ქვეყანამ [პროცესი], რა ხარვეზი აქვს, რა უნდა გააკეთოს, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ჩვენ გვქონდა მხოლოდ ერთი მისია. შეფასება არის კარგი. საკანონმდებლო ფაზის უმეტესი ნაწილი კარგად არის შესრულებული, მაგრამ გაზაფხულზე კიდევ ველით ერთ მისიას, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დავასრულოთ პირველი საკანონმდებლო ფაზა და დროულად გადავიდეთ იმპლემენტაციაზე”, – ამბობს ბერუჩაშვილი.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წინაპირობებზე დღესვე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმაც ისაუბრა და ხაზი ადამიანის უფლებების, უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობას გაუსვა. მისი თქმით, არც ერთი ნიშნით, იქნება ეს ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა, ადამიანებზე ზეწოლა მისაღები არ არის:

“იმისათვის, რომ გვქონდეს გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება, თქვენ უნდა გქონდეთ რამდენიმე ნათლად გამოკვეთილი საკითხი და ერთ–ერთია ის, რომ არ უნდა იყოს ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომლებიც სხვებზე ახდნენ ზეწოლას იმის გამო, რომ მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები, განსხვავებული რელიგია, განსხვავებული, პოლიტიკური შეხედულებები. ამის გამო ადამიანებს ქვეყნის დატოვება არ უნდა მოუწიოთ. ეს არის ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები”.
თამარ ბერუჩაშვილი კი ვარაუდობს, რომ საქართველო ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში, მეორე ფაზაზე, ანუ გეგმის იმპლემენტაციაზე მიმდინარე წლის ზაფხულამდე გადავა. ხოლო კითხვას, როდისთვის იქნება შესაძლებელი გეგმის მთლიანად შესრულება, იგი ასე პასუხობს:
“ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი შედეგები და იმათი შეფასებები. იმედი მაქვს, რომ 2015 წელს ჩვენ პროცესი უნდა დავასრულოთ, მაგრამ ამის შემდეგ… საერთოდ, უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ყველა საშინაო დავალება უნდა გავაკეთოთ კარგად, კარგი შეფასება უნდა მივიღოთ, მაგრამ შემდეგ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მოგვცენ ჩვენ უვიზო მიმოსვლა. თარიღებით მანიპულაცია უმადური თემაა, მაგრამ ორიენტირები უნდა გვქონდეს. 2015 წელი შეიძლება იყოს ასეთი ორიენტირი”, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.







