საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო (TI-GEORGIA), მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებენ, რომ კანონმდებლობა ცალსახად ავალდებულებს პროკურატურას დაიწყოს განმოძიება.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ავალდებულებს პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს, მსგავს შემთხვევებში დაიწყოს გამოძიება, ფაქტია, რომ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღემდე არ ჩატარებულა სრულფასოვანი გამოძიება. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებული ე.წ. სამსახურებრივი მოკვლევით შემოიფარგლა”,- აცხადებენ ორგანზიაციები.
მათ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებმა საზოგადოებაში დამატებითი შეკითხვები გააჩინა.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებბემა დამატებითი კითხვები გააჩინა.
“არსებული ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა სასჯელაღსრულების მინისტრის ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და უშუალოდ მერაბიშვილის საკანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერების შენახვის განსხვავებულ ვადებთან დაკავშირებით,”- ნათქვამია განცხადებაში.
ვანო მერაბიშვილმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ 14 დეკემბერს, გამთენიისას, იგი გაიყვანეს ციხიდან, სავარუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობაში, სადაც ერთ-ერთ კაბინეტში მას დახვდა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც, როგორც მერაბიშვილი ამბობს, დაემუქრა, რომ გაუარესდებოდა ციხეში მისი პირობები, ასევე, დაიჭერდნენ მის თანაპარტიელებს, მეგობრებს, ნათესავებს, თუკი ის არ ითანაშრომლებდა მათთან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და მიხიელ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეზე. მერაბიშვილი გამოძიების დაწყებას ითხოვდა.




