“ჩვენ ვადასტურებთ იმას, რომ თავდაპირველად საქმის განხილვისას ირაკლი შოთაძე მართლაც მონაწილეობდა როგორც სტაჟიორი, თუმცა საქმის სააპელაციო განხილვისას ის უკვე იყო სრულუფლებიანი პროკურორი. სააპელაციო განხილვის დროს წარმოდგენილ საბრალდებო სიტყვას ის ხელს აწერს როგორც სრულუფლებიანი პროკურორი”, – განაცხადა ბრიფინგზე მალხაზ ჯანგირაშვილმა.
ადვოკატების თქმით, მიუღებელია შოთაძის როგორც მთავარ პროკურორად, ასევე, პროკურორის მოადგილედ დანიშვნა:
“ადამიანი, რომელიც დამძიმებულია ძველი საქმეებით, არ შეიძლება იყოს პროკურორი, რადგან ის მოინდომებს ამ საქმეების გათეთრებას”, – განაცხადა მალხაზ ჯანგირაშვილმა.
ირმა ჭკადუას თქმით, სავარაუდოდ ირაკლი შოთაძე ბრალდებული იქნება ამავე საქმეზე დნმ-ის დასკვნის დამალვის ფაქტზეც და მისი პროკურორად დანიშვნა მინიმუმ 2 საქმეს შეაფერხებს:
“მე არ მინდა დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ საბრალდებო სიტყვაში, რომელიც 2007 წელსაა ხელმოწერილი, წერია, რომ აღნიშნული დასკვნა მიღებული არ არის, მაშინ, როცა დასკვნა საქართველოში 2006 წელს ჩამოვიდა. საბრალდებო სიტყვას ხელს აწერს ბატონი შოთაძეც, ანუ მან სავარაუდოდ იცოდა დასკვნის შესახებ”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
აღნიშნულ თემაზე გუშინ, 16 იანვარს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძისგან მიღებული ინფორმაციით შოთაძე საქმეში სტაჟიორი პროკურორის სახით მონაწილეობდა.
სასამართლომ “თბილგაზის” დირექტორი გია გვიჩანი 2006 წელს “თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის შემკვეთად სცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.





