განცხადებას ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია ავრცელებს.
“შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რესტორანი „ბუდაპეშტი“ და მასთან მისასვლელი საავტომობილო გზა 1958 წელს აშენდა და ის არასდროს შედიოდა ვაკის პარკის საზღვრებში. ტერიტორიაზე არსებული, მიტოვებული ნანგრევების ნაცვლად მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობით მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო კეთილმოეწყობა, გამწვანდება და უსაფრთხო გახდება იქ მიმსვლელთათვის.
თბილისის მერია განმარტავს, რომ ქალაქში ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელება ეკონომიკურ ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სარეკრეაციო ზონის ეფექტურ გამოყენებას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისათვის. დაინტერესებულ მხარეებს თბილისის მერიის აღნიშნული გადაწყვეტილება შეუძლიათ გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში,”- წერია განცხადებაში, რომელიც მერიამ გაავრცელა.
მოქალაქეების ჯგუფის ადმინისტრაციული სარჩელი ვაკის პარკში სასტუმრო მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიაში 14 იანვარს განიხილეს.