ახალი ამბები

პატიმარი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელს თავს დაესხა

16 იანვარი, 2014 •
პატიმარი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელს თავს დაესხა

“2014 წლის 14 იანვარს, მსჯავრდებულებს, ბ.ბ-სა და გ.კ-ს აკრძალული საგნის შენახვა-ტარების ფაქტზე, ხოლო მათ თანასაკნელს, ი.ბ-ს ადმინისტრაციაზე თავდასხმის გამო ბრალი წარედგინათ. გამოძიების მიხედვით, 2013 წლის 22 დეკემბერს, დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული პირადი შემოწმება-დათვალიერების შედეგად, ბ.ბ-ს ლითონის ნაჭრისგან კუსტარულად დამზადებული ცივი იარაღი და ხისგან დამზადებული ორი მჩხვლეტავი ნივთი აღმოაჩნდა, ხოლო გ.კ. ამავე საკანში ინახავდა და დაწესებულების ტერიტორიაზე ატარებდა ორ კუსტარულად დამზადებულ ცივ იარაღსა და ხისგან დამზადებულ მჩხვლეტავ საგანს. აღნიშნული დანაშაული, სასჯელის სახით, 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება მსჯავრდებულ ი.ბ-ს, ის ბ.ბ-სა და გ.კ-სთან ერთად დაწესებულების თანამშრომლებმა პირადი შემოწმება-დათვალიერების მიზნით საკნიდან სამორიგეო ნაწილში გადაიყვანეს, სადაც ი.ბ. მოულოდნელად თავს დაესხა ინსპექტორ-კონტროლიორ დავით ცერცვაძეს და თავის არეში მსუბუქი დაზიანება მიაყენა.”

 

სამინისტროს ინფორმაციით, ი.ბ-ს აღნიშნული ქმედებისთვის ბრალი 378-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აკრძალული  საგნის  შენახვის, ტარებისა და სარგებლობის ფაქტზე, სამინსიტროს ინფორმაციით, 14- 15 იანვარს ბრალი კიდევ ორ მსჯავრდებულს წარედგინა.

 

“გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში განმარტოებით მოთავსებული მსჯავრდებული ი.ნ. საკანში ინახავდა აკრძალულ  ბასრ  საგანს – დაშლილ ერთჯერად სამართებელს, რომლითაც 2013  წლის 4 ნოემბერს სხეულზე  დაზიანებები  მიიყენა. აკრძალული საგანი იმავე დღეს დაწესებულების  თანამშრომლებმა ჩამოართვეს. აღნიშნული მუხლით  ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ  წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2014 წლის 14 იანვარს, მსჯავრდებულ ე.ა.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე  მუხლის პირველი ნაწილით, აკრძალული საგნის შენახვა-ტარებისა და სარგებლობის ფაქტზე ბრალი წარედგინა. გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8-ე დაწესებულებაში მოთავსებული ე.ა. აკრძალულ ბასრ  საგანს – დაშლილ ერთჯერად სამართებელს ინახავდა და ატარებდა, რომლის მეშვეობითაც  2013 წლის 15 ნოემბერს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობა მიიყენა. აღნიშნული მუხლით  ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ  წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია სამინისტროს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი