პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის განხილვა, რომელიც “ტელეიმედის” “უკანონო მითვისებას” ეხება.
პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის “საიდუმლო ხელშეკრულების” თაობაზე პირველად ღიად საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა გასული წლის შემოდგომაზე. მან განაცხადა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც საიდუმლო გრიფი ადევს, მთავრობამ პატარკაციშვილის ოჯახს 400 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა ტელეიმედის სანაცვლოდ. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საქმეს პროკურატურა იძიებდა.
ივანიშვილის ამ განცხადებას მაშინვე უპასუხეს პატარკაციშვილის ოჯახიდან და განმარტეს, რომ ისინი 400 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდნენ კომპენსაციის სახით – “იმედისა” და “მთაწმინდის პარკის” “წართმევის სანაცვლოდ”, თუმცა საქართველოს მთავრობისგან ეს თანხა არ მიუღიათ. მათ მაშინვე დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება ნამდვილად იყო გაფორმებული ოჯახსა და მთავრობას შორის და გამოთქვეს მისი გასაჯაროების თანხმობა.
თუმცა საქართველოს მთავრობას ეს ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ხელშეკრულების გასაჯაროებაზე თანხმობა გუშინ კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა პატარკაციშვილის ოჯახმა ოფიციალურ განცხადებაში, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრი დღეს ამ საკითხს წარმოადგენს და მალე საზოგადოებას ამ ხელშეკრულების გაცნობის საშუალება ექნება.
დღეს დილით საქართველოს რამდენიმე მედიასაშულების, მათ შორის “ნეტგაზეთის” ელექტრონულ ფოსტაზე ანონიმური წყაროსგან დაიგზავნა აღნიშნული ხელშეკრულების შესაძლო ასლები.
როგორც ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომელთა ავთენტურობა ჯერ გარკვეული არ არის, ხელშეკრულებას აფორმებს იუსტიციის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი 2011 წლის ივლისში.
ხელშეკრულებაში “ქართული მხარეს” წარმოადგენს: იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, შსს, კუდ-ი, თავდაცვის სამინისტრო, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო ინსპექცია, კომუნიკაციების კომისია, თბილისის მუნიციპალიტეტი.
ხოლო არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ოჯახის მხარეს წარმოადგენენ ინა გუდავაძე, ლია პატარკაციშვილი, ლიანა ჟმოტოვა, ნათელა პატარკაციშვილი.
ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მთაწმინდის პარკისა და ტვ იმედის სანაცვლოდ პატარკაციშვილის ოჯახი კომპენსაციის სახით ითხოვდა 400 მილიონ აშშ დოლარს, თუმცა საბოლოოდ, მხარეები თანხმდებიან, რომ ოჯახს არ ექნება არანაირი პრეტენზია ტვ იმედის ამჟამინდელი მფლობელის ან “ქართული მხარის” მიმართ, ასევე, მთაწმინდის პარკის საკუთრებასთან დაკავშირებით.
სანაცვლოდ ყველანაირი საგადასახადო ვალდებულებისგან თავისუფლდება პატარკაციშვილის კუთვნილი სხვა კომპანიები, როგორიცაა: შპს “სტანდარტ კაპიტალ საქართველო”, შპს “ფინანსური ინვესტიციების მართვის კომპანია”, სს “მაუდი” და სხვა კომპანიები.
ამავე ხელშეკრულების მიხედვით, შედგა მორიგება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და პატარკაციშვილის კუთვნილ კომპანია “ლანნერ ჰოლდინგს ლიმითედს” შორის. კერძოდ, აღნიშნულ კომპანიას აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ 2010 წლის 30 ოქტომბრამდე განეხორციელებინა 30-მილიონიანი ინვესტიცია სს “მაუდში” და დაესაქმებინა არანაკლებ 500 ადამიანი, რაც ვერ შეასრულა, თუმცა სამინისტრომ არ გამოიყენა ხელშეკრულებით გაწერილი სანქციები, რომლითაც შეეძლო კომპანიისგან სს “მაუდის” აქციების უკან დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ ამ დოკუმენტების ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის და უცნობია, თუკი მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტების გასაჯაროებაზე, დამატებით რა მასალა გახდება ცნობილი.
საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად, 2012 წლის 16 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედი” ისევ პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, მათსა და იმჟამინდელ მფლობელს შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე.
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ნათესავის – ჯოზეფ ქეის ხელში აღმოჩნდა ტელეიმედი, თუმცა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან ჩვენება მისცა საგამოძიებო ორგანოებს, რომ ტელეკომპანია მისგან მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიითვისეს გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის მეშვეობით.
ამ საქმის სასამართლოში განხილვისას, 15 იანვარს გიორგი ისაკაძეს, რომელიც სასამართლოზე პროკურატურის მოწმეს წარმოადგენდა, შეკითხვები იმ პერიოდთან დაკავშირებით დაუსვეს, როდესაც ის “ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის” დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია “იმედსაც” ფლობდა. ისაკაძემ განაცხადა, რომ “ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის” 10%–ს ბიზნესმენი ჯოსეფ ქეი ფლობდა, დანარჩენის მფლობელთა ვინაობა კი მისთვის უცნობი იყო. თუმცა კომპანიის დირექტორობაზე მან შეთავაზება არა ჯოზეფ ქეისგან, არამედ დავით კეზერაშვილისგან მიიღო:
“კეზერაშვილისთვის არ მიკითხავს, რატომ მონაწილეობდა ამ პროცესებში. დირექტივები თანამდებობის დაკავებაზე და თანამდებობის დატოვებაზე მისგან მოდიოდა”, – განაცხადა პროცესზე გიორგი ისაკაძემ.







