ახალი ამბები

ბესელია: უნდა გაირკვეს, როგორ ახდენდა კეზერაშვილი საეჭვო ფინანსების მობილიზებას

16 იანვარი, 2014 •
ბესელია: უნდა გაირკვეს, როგორ ახდენდა კეზერაშვილი საეჭვო ფინანსების მობილიზებას

 

“ჩვენ გვინდა გავაკეთოთ დასკვნები, სხვა ქვეყანა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, საუბარია საფრანგეთის სასამართლოზე, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი სანდოობა და ძალიან მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი. ასე რომ, მთავარია აქ დოკუმენტები იყოს წარდგენილი საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებების მიერ დროულად, რომ ჩვენ ვიცოდეთ რეალობა, რა მასშტაბის კორუფციასთან გვქონდა საქმე”, – აცხადებს ბესელია.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია კეზერაშვილის საეჭვო ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით:

“ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის იყო ერთ–ერთი ძირითადი დამფინანსებელი და, ასე ვთქვათ, შავი სალაროს და სხვადასხვა საეჭვო ფინანსური წარმომავლობის რესურსების მატარებელი. მაგრამ ის, რაც ბოლო დღეებში განსაკუთრებით ამ მაღალი სანდოობის მატარებელმა აუდიტორულმა კომპანიამ დადო დასკვნა, ვფიქრობ, რომ უსერიოზულესია ფაქტები, რომელიც მეტყველებს ხელისუფლების ერთ–ერთი მაღალი თანამდებობის პირის, კეზერაშვილის მიერ საეჭვო ფინანსური რესურსის მობილიზებაზე. საუბარია 1 მილიარდზე მეტ თანხაზე, რომლის წარმომავლობა, რბილად რომ ვთქვათ, არის საეჭვო და პირდაპირ კავშირები იკვეთება სხვადასხვა უკანონო ქმედებებთან, სახელდება მათ შორის იარაღით ვაჭრობა და სხვა ტიპის თემები, რომელიც, მე ვფიქრობ, არის უკვე სერიოზული გამოძიების საგანი”, – აცხადებს ბესელია.

მისივე თქმით, პროკურატურამ უნდა ჩაატაროს ძალიან სერიოზული სამუშაო იმის გამოსარკვევად, თუ როგორ ხდებოდა ამ ფინანსური წყაროების თავმოყრა კეზერაშვილთან:

“უნდა გაირკვეს, როგორ გახდა ის მილიონერი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს იარაღით ვაჭრობასთან, საიდან მოხდა ოფშორულ ზონებში ამ თანხების გადინება. გამოძიებამ უნდა იმუშაოს ძალიან სერიოზულად და მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა სამართლებრივ ფარგლებში მოაქცევს ამ ფაქტებს და გვექნება მოკლე პერიოდში შესაძლებლობა, დასკვნა ვიხილოთ, რასთან გვქონდა საქმე, ეს იყო მხოლოდ ერთი ჯგუფი ყოფილი ხელისუფლების, თუ ამაში ჩართული იყვნენ სხვა პირები, და ასევე უნდა დადგინდეს კავშირი ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის. ჩევნ ვიცოდით, რომ ის ეხმარებოდა და ლობირებდა კეზერაშვილის საქმეებს, ეს კავშირები გამოსარკვევია იმიტომ, რომ ძნელად წარმოსადგენია კეზერაშვილი დამოუკიდებლად ყოფილიყო ამ ყველაფრის მონაწილე. ასე რომ, პროკურატურისგან ველოდებით ჩევნ ამ კითხვებზე პასუხს”, – განაცხადა ბესელიამ.

 

კეზერაშვილის გირაოს სახით გათავისუფლების თაობაზე საფრანგეთის სასამართლოს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ კეზერაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარი დამფინანსებელი იყო, მათ შორის, საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი