ამის შესახებ მან დღეს, 15 იანვარს, სასტუმრო რადისონში პრემიერ–მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:
“დღეს შედგა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა პრემიერ–მინისტრთან. ჩვენ მოვისმინეთ მისი ხედვები ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ წლევანდელი წელი გამოცხადდა ქართული წარმოების წლად. ძალიან მნიშვნელოვანია ის დახმარება, რომელიც განკუთვნილი იქნება სოფლის მეურნეობის დარგისთვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებისთვის. [შეხვედრაზე] ბიზნესმა დააყენა ის პრობლემები, რომელიც მას დღემდე აწუხებს. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერები ვართ ცვლილებისა და განსაკუთრებით იმისა, რომ ბიზნესი გათავისუფლებულია ძველად არსებული წნეხებისაგან. წარმოიშვა აზრი, რომ უფრო მჭიდრო კომუნიკაცია არსებობდეს პრემიერ–მინისტრს (მთავრობასა) და ბიზნესს შორის. უახლოეს დღეებში ბიზნესმა უნდა წარუდგინოს პრემიერს მოსაზრება, თუ როგორი ტიპის ორგანიზაცია შეიქმნება, როგორი ტიპის სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ექნება ახლო კომნიკაცია მთავარობასთან და რომელიც იმუშავებს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ჯერ კიდევ წინ უდგას ქართულ ბიზნესს”, – განაცხადა ფხაკაძემ და დასძინა, რომ ამ ახალი სტრუქტურის სისტემაში ალბათ ჩაერთვება ბიზნეს–ომბუდსმენი და სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელები:
“საუბარია იმ რგოლზე, რომელიც უფრო მჭიდრო კომუნიკაციას შექმნის მთავარობასა და ბიზნესს შორის. ეს იყო ძალიან კარგი ინიციატივა, რადგან, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი კომუნიკაცია იქნება, მით უფრო ადვილად გადაყწდება ის საკითხები და პრობლემები, რომელიც ბიზნესს აწუხებს”.
ფხაკაძეს ჟურნალისტებმა კითხვა საწვავის შესაძლო გაიაფების საკითხზეც დაუვეს, რაზეც მან ასე უპასუხა:
“სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ მწარმოებელი ქვეყანა, მთლიანად დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ნავთობპროდუქტების 100 პროცენტის იმპორტირება ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან. ნავთობის ფასს საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს. ბუნებრივია, იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო ფასი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია, რა თქმა უნდა, რთული იქნება ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირება. ჩვენ ძალიან გვინდა, პირველი ჩვენ გვიხარია, როდესაც ნავთობპროდუქტებზე ფასის შემცირების საშუალება გვეძლევა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელი საერთაშორისო ფასები ამის საშუალებას არ გვაძლევს”.




