ახალი ამბები

ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობა დაიწვა

15 იანვარი, 2014 •
ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობა დაიწვა

ხანძრის შედეგად დაზიანდა ასევე იქვე არსებული რამდენიმე კომერციული ფართი, ჯამში, 500-მდე კვადრატული მეტრი ფართი.

 

საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო დოკუმენტაცია და ტექნიკის ნაწილი დაწვას გადაურჩა:

 

“შენობა ფაქტობრივად აღარ არსებობს, რაც შეეხება დოკუმენტაციას, ავეჯის გარკვეულ ნაწილს, ტექნიკის გარკვეულ ნაწილს, გადავარჩინეთ. დოკუმენტაცია გადავარჩინეთ და ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი გახდება.”

 

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ოსეფაიშვილი ამბობს, რომ ის მათ შენობაში არ უნდა ეძებონ, რადგან ელექტროობა ავტომატურ რეჟიმზეა და მუშაობის დასრულების შემდეგ სრულიად ითიშება.

 

ქალაქის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის, რამაზ ყიფიანის თქმით, ხანძრის ჩაქრობისას ორი მეხანძრე მსუბუქად დაშავდა:

 

“შესაბამისი ორგანოები ადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზს. ამ დროისთვის პრობლემები აღარ არსებობს, სამაშველო სამსახურის მუშაობა თითქმის დასრულებულია. სამწუხაროდ, ჩვენი ორი თანამშრომელი ხანძრის ჩაქრობისას მსუბუქად დაშავდა. ცეცხლი მოსახლეობის სახლებს არ გადაედო, ამ კუთხით უსაფრთხოება სრულიად იყო დაცული.”

მასალების გადაბეჭდვის წესი