ახალი ამბები

მიუსაფართა თავშესაფართან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმას მთავრობის სხდომაზე განიხილავენ

14 იანვარი, 2014 •
მიუსაფართა თავშესაფართან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმას მთავრობის სხდომაზე განიხილავენ

თავშესაფრის შიდა სამოქმედო გეგმა სამინისტროში ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად განიხილეს.

გარდა მიუსაფართა თავშესაფრის შინაგანაწესისა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმასაც, თუ რა ტიპის შენობაში განთავსდებიან უსახლკაროები.

როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, განიხილება შენობის სამი ვარიანტი.

 

“გენერალური გეგმა მომზადებულია, შენობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტია: ა) ახალი შენობის აშენება, ბ) ძველის რეკონსტრუქცია, გ) პანელურ–სენდვიჩური ნაგებობის აშენება. ამაზე ექსპერტები მუშაობენ და კონკრეტული გადაწყვეტილება კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი

რაც შეეხება თავშესაფრის შინაგანაწესთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმას, მინისტრის თქმით, შეხვედრის მონაწილეების მხრიდან შენიშვნები მინიმალური იყო:

“სამოქმედო გეგმა ერთსულოვნად იქნა მოწონებული როგორც სამთავრობო, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან. იყო ორი შენიშვნა, რომელიც გავითვალისწინეთ და მე ვფიქრობ, რომ ამ სამოქმედო გეგმას ავამუშავებთ ფაქტიურად ხვალიდან. შენიშვნები იყო ჩართულობის და მოხსნის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. მოხსნის კრიტერიუმი საერთაშორისო გამოცდილებით არის, თუ მობინადრემ მრავალჯერადად დაარღვია შინაგანაწესი, ამ შემთხვევაში გაგვიწიეს რეკომენდაცია, რომ სხვანაირი მიდგომა გამოგვეყენებინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, რაც გავითვალისწინეთ კიდეც. ასევე იყო ცალკეული შენიშვნები დაცვის შესახებ, რომელიც ასევე გავითვალისწინეთ და გადავიყვანეთ კონტროლის კატეგორიაში”, – აცხადებს დავით სერგეენკო. მისი თქმით, სამოქმედო გეგმა მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გავა.

შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია კაციტაძეც. მისი თქმით, მთავარია ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია არსებობდეს და არ მოხდეს ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული საქმიანობის აღრევა:

 

“დღეს რაც განისაზღვრა, ეს იქნება მთავრობის დოკუმენტი და გარკვეული რეგულაციები შემოდის, თუმცა ჩვენ ასევე გვაქვს სოციალური დახმარების შესახებ კანონი, რომელიც განმარტავს უსახლკარო პირის თემას და არ უნდა მოხდეს ისე, რომ მთავრობის მიერ შექმნილი სტრატეგია და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებული რეგულაცია იყოს განსხვავებული, ამას ჭირდება სინქრონიზაცია და სისტემაში მოყვანა”, – აცხადებს ნათია კაციტაძე.

ორგანიზაცია “იდენტობის” დირექტორი ირაკლი ვაჭარაძე, რომელიც ასევე შეხვედრის მონაწილე იყო, ამბობს, რომ გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონია:

“შენიშვნები არ მაქვს, დაიწყო მუშაობა მინიმალური სტანდარტების შემუშავებაზე. ერთ–ერთი ჩემი შეთავაზება იყო, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, იქ გაკეთებულიყო ეს თავშესაფარი, სადაც ეს ადამიანები იკრიბებიან, ანუ ქალაქის ცენტრში. არ ვიცი, რამდენად განხორციელდება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო გადავიდა ე.წ. შუალედური გეგმის განხორციელებაზე, რაც ნიშნავს, რომ კარვების შემდეგ უკვე მუდმივი სტაციონარული თავშესაფრის შექმნაზეა საუბარი, რომელიც იქნება დარეგულირებული მაღალი სახელმწიფო სტანდარტებით”, – განაცხადა ირაკლი ვაჭარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებულ დროებით თავშესაფარში ბოლო მონაცემებით 177 ადამიანი იმყოფება. ბენეფიციართა რაოდენობა მუდმივად იცვლება, ამიტომ მათი აღრიცხვა ყოველდღიურად მიმდინარეობს. თავშესაფარში მისულ ადამიანებს შეუძლიათ უფასოდ მიიღონ საკვები დღეში ორჯერ, 12:00 საათზე და 17:30 საათზე. მათ ასევე შეუძლიათ მიმართონ სამედიცინო კარავს, ისარგებლონ აბანოთი, მიმართონ დამატებითი მომსახურებისთვის იურისტებს და ფსიქოლოგებს. კოორდინატორები თავშესაფარში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი