ახალი ამბები

ერთ-ერთი წარმოების სუფრის მარილში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა

15 იანვარი, 2014 • • 1181
ერთ-ერთი წარმოების სუფრის მარილში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა

სააგენტოს ცნობით, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე სუპერმარკეტიდან სუფრის მარილის სინჯი აიღო და შესამოწმებლად სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიას გადაუგზავნა.

 

როგორც სააგენტოში აცხადებენ, კვლევის მიზანი მარილში იოდის, ტოქსიკური ელემენტებისა და რადიონუკლიდების განსაზღვრა იყო.

                

„ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ნიმუშში, კერძოდ, შპს “ეკო ჯორჯიას” მიერ დაფასოებულ ირანული წარმოშობის მარილში ტყვიის შემცველობა  აღემატებოდა დასაშვებ ნორმას – 2.0 მგ/კგ-ს და შეადგენდა 3.2 მგ/კგ-ს.

 

საქართველოს კანონმდებლობით, სუფრისა და სამკურნალო პროფილაქტიკურ მარილში უვნებლობის მაჩვენებლებიდან  ნორმირდება შემდეგი ტოქსიკური ელემენტები: ტყვია -არაუმეტეს 2,0 მგ/კგ; დარიშხანი – არაუმეტეს 1,0 მგ/კგ; კადმიუმი არაუმეტეს 0,1 მგ/კგ; ვერცხლისწყალი – არაუმეტეს 0,001მგ/კგ; სპილენძი – არაუმეტეს 2,0 მგ/კგ; თუთია -არაუმეტეს 10,0 მგ/კგ. რადიონუკლიდები: ცეზიუმ -137-  300 ბკ/კგ; სტრონციუმ – 90-100 ბკ/კგ,“- წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 

სააგენტოს ინფორმაციითვე, მან ქსელიდან  გამოითხოვა მარილის აღნიშნული პარტია, რომელსაც გაანადგურებენ კანონის შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი