ახალი ამბები

თბილისის მერია ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობს

14 იანვარი, 2014 •
თბილისის მერია ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობს

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  იმედია, თბილისის საკრებულო გააცნობიერებს მთავარი საფინანსო დოკუმენტის გარეშე დარჩენილი დედაქალაქის წინაშე არსებულ პრობლემებს და უმოკლეს ვადაში უზუნველყოფს თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას.

“როგორც ცნობილია, გასული წლის 29 დეკემბერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ არ დაამტკიცა ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი, რის შემდეგაც ხშირად გაისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ საკრებულოს ეს გადაწყვეტილება თბილისს პრობლემას არ შეუქმნის. საკითხში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით გვინდა გაცნობოთ, რომ „საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით თბილისის მერია უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების 1/12- ისა, რაც, რა თქმა უნდა, სრულად და დროულად ვერ უზრუნველყოფს იმ პროგრამების დაფინანსებას, რაც გაწერილია ჩვენ მიერ შემოთავაზებულ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში. ინფორმაციისთვის გაწვდით ამ პროგრამების ჩამონათვალს შესაბამისი პრიორიტეტების მიხედვით”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ერთ–ერთი ასეთი პრიორიტეტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენაა.

“პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია თვეში გაიწიოს ხარჯი 10,2 მლნ ლარის ოდენობით, რაც სრულად ვერ ფარავს პრიორიტეტის ფარგლებში გასაწევ მიმდინარე და ექსპლუატაციის ხარჯებსაც კი, რომლის ოდენობა თვეში საშუალოდ შესადგენს 10,4 მლნ ლარს და შეუძლებელს ხდის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა 100 ახალი ავტობუსის შესყიდვა, ასევე, ვერ განხორციელდება პეკინის, დადიანის, სარაჯიშვილის, ჟვანიასა და დიდი ხეივნის ქუჩების რეაბილიტაცია, დიღმის ჭალებში მისასვლელი გზების მშენებლობა”.

გარდა ამისა, მერიის მტკიცებით, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრების პრიორიტეტის ფარგლებში ვერ დაფინანსდება ახალი თანამედროვე ტიპის მედიათეკების მშენებლობა, დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდება ბარათაშვილის, დიღმულას, ზაჰესისა და ავჭალის ხიდების რეაბილიტაციას, სირთულეები ექმნება ავარიული შენობების გამაგრებას, საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე ქსელების მშენებლობასა და სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებებს, რამეთუ მსგავსი ტიპის ღონისძიებების განხორციელების აქტიური პერიოდია მარტიდან ნოემბრამდე და ამ პერიოდში გაიწევა ხარჯების 90%, რაც 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით შეადგენს 120,7 მლნ ლარს, ანუ თვეში საშუალოდ 15,1 მლნ ლარს, მაშინ, როცა ბიუჯეტის შესაბამისი პრიორიტეტის ფარგლებში გასაწევი ხარჯების ლიმიტი თვეში 12,5 მლნ ლარით განისაზღვრება.

“ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პრიორიტეტში იმის გამო, რომ დასუფთავების მოსაკრებელი შემოვიდა 2013 წლის 1 ივნისიდან და, შესაბამისად, 2013 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებდა დასუფთავების მხოლოდ 7 თვის ხარჯების დაფინანსებას, თვეში გასაწევი ხარჯების ლიმიტი შეადგენს 4,9 მლნ ლარს. ქალაქის დასუფთავებას, ზოოპარკისა და ბოტანიკური ბაღის დაფინანსებას, გამწვანების ობიექტების მოვლა-პატრონობასა და უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების დაფინანსებას ყოველთვიურად ესაჭიროება 5,3 მლნ ლარი, რაც გამორიცხავს ახალი სკვერების, პარკებისა და გამწვანების სხვა ობიექტების მოწყობას, ახალი საბავშვო ატრაქციონების მონტაჟსა და მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ აყენებს ქალაქში არსებული დასუფთავების დონის შენარჩუნებას.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ყოველთვიური ლიმიტი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო განისაზღვრება 2,2 მლნ ლარით, მაშინ, როცა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ამ პრიორიტეტის ფარგლებში ქალაქის მოსახლეობას საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა შენობების გამაგრება, სახურავის, სადარბაზოებისა და ლიფტების შეკეთება და სხვა, ყოველთვიურად 3,8 მლნ ლარი ანუ 72%-ით მეტი უნდა მოხმარებოდა”, – აცხადებენ მერიაში.

უწყების მტკიცებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტით გასაწევი ხარჯები შეზღუდულია თვეში 14 მლნ ლარამდე, მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტის ფარგლებში გასაწევი აუცილებელი ხარჯები 17,6 მლნ ლარია, შესაბამისად, იანვრის, თებერვლის, მარტის, ნოემბრისა და დეკებრის თვეებში თბილისის მერია იძულებული ხდება არჩევანი გააკეთოს კომუნალური ვაუჩერის, საქალაქო ტრანსპორტით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის, სოციალური დახმარებებისა და უფასო სასადილოების დაფინანსებას შორის. შეუძლებელი ხდება შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობაუკვე განსაზღვრული მოცულობებითა და ვადებში.

“განათლების პრიორიტეტის ფარგლებში ძირითადი ხარჯები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსებაზე მოდის, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 25,5 მლნ ლარით. ამ პრიორიტეტისათვის განსაზღვრული ლიმიტი 4,1 მლნ ლარი ვერ უზრუნველყოფს 48000 ბავშვის მომსახურების მიმდინარე ხარჯების 4,8 მლნ ლარის სრულ დაფინანსებასაც კი და გამორიცხავს არსებული ინფრასრუქტურის რეაბილიტაციასა და ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას, რისთვისაც 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში 17 მლნ ლარია გათვალისწინებული.

კულტურული. სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსების ზღვრული მოცულობა თვეში შეადგენს 4,1 მლნ ლარს, საიდანაც 90%-ს არსებული ინფრასტუქტურის შენახვისა და გაუმჯობესების და სხვა მიმდინარე ხარჯები შეადგენს. დარჩენილი 10 %-ით ანუ თვეში 0,41 მლნ ლარით შეუძლებელია განხორციელდეს ,,თბილისი – 2015“ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი ღონისძიებების დაფინანსება, რისთვისაც საკრებულოს მიერ უარყოფილ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში 35 მლნ ლარია გათვალისწინებული”.

თბილისის საკრებულოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ თბილისის მერიას უახლოეს ხანებში უპასუხებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი