13 იანვრის მონაცემებით, აფხაზეთი მაკდონალდსის ვებსაიტზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამონათვალში იძებნებოდა და მეტიც, განთავსებული იყო შემდეგი შინაარსის განცხადება:
“მომავალში ჩვენ შეიძლება გადავდგათ ნაბიჯები ფრანჩიზების [პარტნიორი, რომელსაც კომპანიის ლოგოსა და ბრენდის გამოყენებით უფლება აქვს პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაყიდოს] მოსაძიებლად იმ ბაზრებზე, სადაც ამ დროისთვის არ ვართ წარმოდგენილი, მათ შორის აფხაზეთში”.
დღეს კომპანიის საიტზე არც ეს განცხადება აღარ იძებნება.
საქრთველოში მაკდონალდსის სწრაფი კვების ობიექტების ფრანჩიზის მფლობელი – თემურ ჭყონია “ნეტგაზეთთან” საუბარში გუშინ განმარტავდა, რომ მომხდარი “პრიმიტიულმა შეცდომამ” გამოიწვია:
“მე სულ ახლახან ველაპარაკე მაკდონალდსის მთავარ ოფისში იურისტს, რომელიც გადმომიგზავნის [დოკუმენტაციას], თუ რატომ მოხდა ეს ამბავი. ძალიან შეწუხებულები არიან, ეს შემიძლია გითხრათ. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, თითქმის უვადო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მაკდონალდსის მშენებლობის ფრანჩიზი მეკუთვნის მე. ჩემი აზრით, ძალიან პრიმიტიული შეცდომაა. ახსნა ჯერ მათგან არ მიმიღია, თუმცა მივიღებ. მალე აბსოლუტურად ყველაფერი მეცოდინება. ჩემს გარეშე მაკდონალდსის საქართველოს ტერიტორიაზე აშენება გამორიცხულია. სიტყვაზე, აფხაზეთი დამოუკიდებელი რომც გახდეს, მაინც ვერ აშენდება ჩვენს გარეშე იმიტომ, რომ ეკონომიკური რუკა როცა შეიქმნა, მაკდონალდსს, კოკა კოლასა და ჩემ შორის, იქ აფხაზეთი ჩემს ბიზნეს არეალში მოხვდა. ეკონომიკური რუკა კი განსხვავდება პოლიტიკური რუკისაგან”, – განაცხადა 13 იანვარს ჭყონიამ და დასძინა, რომ აფხაზეთში მაკდონალდსის, ასევე, კოკა კოლისა და კასტელის პროდუქციის შეტანის იდეა პირადად მას აქვს.




