ახალი ამბები

RMG Gold: კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართული, კარგად ორგანიზებული შეტევა იკვეთება

14 იანვარი, 2014 •
RMG Gold: კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართული, კარგად ორგანიზებული შეტევა იკვეთება

“ქალბატონმა მარინე მიზანდარმა ჟურნალისტებთან კომპანია RMG Gold-ის პრესკონფერენციის კომენტირებისას განაცხადა, რომ “ეს იყო საკმაოდ უსუსური და დემაგოგიური განცხადებების ნაზავი, რომელიც სრულებით არ შეესაბამება სინამდვილეს” (ციტატის დასასრული). ვთვლით, რომ ამგვარი განცხადებები ჩვენი მხრიდან კონფრონტაციული ქმედებების პროვოკაციის მცდელობაა, რაც ალბათ ხელს აძლევს ქალბატონ მიზანდარს. ამდენად თავს შევიკავებთ პასუხისაგან და აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ მას კიდევ ერთხელ სურს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, როდესაც აცხადებს, რომ “2005 წლის ანგარიშები მეცნიერებათა აკადემიას წარედგინა”. ჩვენ ხელთა გვაქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთავარი არქივის მიერ გამოგზავნილი, 2004-2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული სამუშაოების ანგარიშების ჩამონათვალი და ოფიციალური ცნობა (N010115/24 12.06.2013), რომლის მიხედვითაც: “რაც შეეხება კონკრეტულად საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტებზე ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციების ანგარიშებს, აკადემიის მთავარ არქივში არ ინახება” (ციტატის დასასრული).

 

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამის თაობაზე ქალბატონ მიზანდარს კარგად მოეხსენება, მაგრამ ისევ ღიად ცრუობს. მასზე უკეთ არავინ უწყის, რომ ქართულ-გერმანული არქეოლოგთა ჯგუფის კვლევების 2006 წლის ანგარიში საერთოდ არ არსებობს, ხოლო 2007 წლის ანგარიში, რომელიც ოფიციალურად წარუდგინეს სამინისტროს კომისიას – ფალსიფიცირებულია. ეს თვალნათლივ ჩანს თუნდაც ამ ანგარიშის მე-4 გვერდის სქოლიოდან, სადაც შავით თეთრზე წერია: „ამასობაში მივიღეთ თანხმობა ფოლკსვაგენის ფონდიდან პროექტის გაგრძელებაზე, რომლის პასუხისმგებლები და განმცხადებლები არიან პროფ. დოქტ. ა.ჰაუპტმანი, ასევე პროფ. დოქტ. გ. ბრეი და პროფ. დოქტ. თ. შტოლნერი. საველე სამუშაოები და კვლევები გაგრძელდა აქედან 2007 წლიდან შემდგომ სამ წელიწადს. ამ ახალი კვლევების შედეგებიც აქ ასევე მოკლედ არის გადმოცემული“(ციტატის დასასრული).

 

დაგვეთანხმებით, რომ წინასწარმეტყველების ნამდვილად შესაშური უნარია. ამ “მეცნიერებმა” არა მარტო ის განჭვრიტეს, რომ შემდეგ სამ წელიწადს იმუშავებდნენ, არამედ ისიც, თუ რა შედეგები ექნებოდათ და მათ მკითხველს ლოდინით გული რომ არ გადალეოდა, 2007 წლის ანგარიშშივე მოიყვანეს ამ ახალი კვლევის შედეგები. ამგვარი დონის ფალსიფიკაციებს უწოდებს ქალბატონი მიზანდარი ავტორიტეტულ კვლევებს. ჩვენთვის პარადოქსულურად ჟღერს მისი განცხადება საყდრისთან დაკავშირებით: “ის, რომ ძეგლის სტატუსი ბათილად იქნა ცნობილი, არ ნიშნავს, რომ ეს ძეგლი არ არის”. თუ ეს არის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია, მაშინ ისმის ლოგიკური კითხვა: თუ ძეგლი იყო, მაშ რატომ მოუხსნა მას სამინისტრომ სტატუსი და თუკი ძეგლი არ არის, მაშ როგორაა მაინც ძეგლი. ეს არათუ მოქმედ კანონმდებლობას, არამედ ელემენტარულ ლოგიკასაც ეწინააღმდეგება. თუ ეს პირადად ქალბატონი მიზანდარის პოზიციაა, მაშინ მისი მხრიდან ამგვარი წინააღმდეგობრივი განცხადების ფაქტი ახალი არ არის და იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ტენდენციურობას. რაც შეეხება რჩევას იმასთან დაკავშირებით, რომ “.ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა- საწარმომ, რომელსაც ოქროს მოპოვება აქვს მიზნად დასახული, მიმდებარე მიდამოებში ოქრო მაღაროს წესით მოიპოვოს” (ციტატის დასასრული), მას მხოლოდ აბსურდული შეიძლება ეწოდოს. ჩვენ არ ვიცით კომპეტენციის რა დონე გააჩნია ქალბატონ მიზანდარს სამთამადნო სფეროში, ან ვინ არიან მისი მრჩევლები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამგვარი იდეების გავრცელება მხოლოდ ისევ და ისევ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უკავშირდება. თუკი მისი ასეთი მოქმედების მოტივი ის არის, რომ რაც შეიძლება ერთგულად ემსახუროს კულტურის სფეროს, მათ შორის ქართული კულტურული მემკვიდრეობის განვითარებასა და შენარჩუნებას, ჩვენი მხრივ, ვურჩევდით მეტი დრო, ენერგია და საზოგადოების დარაზმვის თავისი უშრეტი პოტენციალი გამოეყენებინა კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ჭეშმარიტი ძეგლის მოვლისა და პოპულარიზაციისათვის, რომლებიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან და არა საეჭვო ღირებულების, ვიღაცის ინტერესებისათვის კანონდარღვევით ძეგლად გამოცხადებულ, გაურკვეველი დანიშნულების ობიექტების თავგადაკლული დაცვისათვის.

 

ჩვენი მხრივ, ყველანაირად შევუწყობდით ხელს მის ამგვარ ძალისხმევას. ნიშანდობლივია, რომ ძალზე შესაშურ უნისონში მოქმედებენ გაკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, ზოგიერთი სამთავრობო უწყების წარმომადგენლები და მეცნიერთა გარკვეული წრე. სწორედ ისინი უჩივიან სამინისტროს ვითომდა არასწორად მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და იმავ დროს საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობენ ამავე სამინისტროსთან ქალბატონი მიზანდარის სახით. ეს თუნდაც იქიდანაც სჩანს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საყდრისის საკითხთან დაკავშირებული რიგი დოკუმენტები მანამდე ხვდებიან ხოლმე სოციალურ ქსელებში, სანამ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთებიან. სიტუაციის ელემენტარული ანალიზით აშკარად იკვეთება კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართული, კარგად ორგანიზებული შეტევა, რასაც შეიძლება შორს მიმავალი მიზნები ჰქონდეს და ვიღაცის ინტერესებს ემსახურებოდეს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი