როგორც ჯოლოხავა ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეო–ინტერვიუში საუბრობს, წულუკიანი მას პირადად დაემუქრა, რომ თუ ახალაიას წინაღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, ციხეში დააბრუნებდნენ. გოდერძი ჯოლოხავამ, რომელიც, მისივე თქმით, ორგზის ნასამართლევია, პატიმრების წამების ორგანიზებაში ახალაია გასული წლის დასაწყისში ობიექტივის ჟურნალისტ ირმა ინაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადანაშაულა, სადაც თქვა, რომ აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ახალაია პირადად მას სხვა პატიმრების წამებას აიძულებდა. ამასთან, ჯოლოხავა ამტკიცებდა, რომ მას აჩვენეს ვიდეო, სადაც ასახული იყო პატიმრების “დუბინკებით გაუპატიურების სცენები”.
“თალღლითობაზე ვიჯექი და გამოვედი 2013 წლის 2 თებერვალს. ლაშა მელიქიამ, ჩემმა მეგობარმა, რომელიც ქალაქის სამმართველოში მუშაობდა, მითხრა, კრიმინალური პოლიციიდან დამირეკა ჩემი ბავშვის ნათლიამო და შენი სახელი და გვარი იკითხა, ხომ არ იცი, თუ გათავისუფლდაო. შენი სახელი და გვარი გაჟღერდა პოლიტპატიმრების შეკრების დროს და ნახვა უნდათო, სულხან მოლაშვილის ძმა [თორნიკე მოლაშვილი] არისო, იმას უნდა შენი ნახვაო. ავედით რუსთაველზე, დაუძახა მოლაშვილის ძმას, ისიც მოვიდა, ერთი წუთი დამელოდე აქო, მერე მოიყვანა, ეს ირმაა ინაშვილია, გაიცანიო”, – ამბობს გოდერძი ჯოლოხავა ანი ნადარეიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში და დასძენს, რომ ირმა ინაშვილმა იგი იუსტიციის სამინისტროში მინისტრ თეა წულუკიანს შეახვედრა:
“[წულუკიანი] გამომელაპარაკა, რაზე ვიჯექი, რამდენჯერ ვიყავი ნასამართლევი და ასე შემდეგ. მან მითხრა, შენ ახლა იტყვი თუ არ იტყვი, ჩვენ მაინც გავამყარებთ ამასო და შენ უკან [ციხეში] ჩაბრუნებას არაფერი უნდაო, შენი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარეო. ფსიქოლოგიური ზემოქმედება იყო ჩემზე”.
ჯოლოხავას განცხადებით, მას შემდგომში კბილაშვილიც შეხვდა, თუმცა მანამდე ინტერვიუ მისცა ირმა ინაშვილს, სადაც ახალაიას პატიმრების წამება დააბრალა, ხოლო ის ტექსტი, რომელიც მან ინტერვიუში გაახმოვანა, წინასწარ იყო შედგენილი.
ჯოლოხავა ამტკიცებს, რომ სინამდვილეში მას ბაჩო ახალაია პირადად არასდროს შეხვედრია და მხოლოდ ტელევიზიით უნახავს, მაშინ, როდესაც ინაშვილთან ინტერვიუში ამბობს, რომ ახალაიას სამჯერ შეხვდა და ეს უკანსკნელი მითითებებს მეგრულ ენაზე აძლევდა:
“შემდეგ ჩვენებაც მივეცი [პროკურატურას]. დამიკავშირდნენ და ობიექტივის ადვოკატი დამინიშნეს, ჯუმბერ მილორავა, და მითხრეს ის გამოგყვება ყველგანო”.
ირმა ინაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში სიცრუეს და სისულელეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯოლოხავამ მის გადაცემაში წინასწარ მის მიერ დაწერილი ტექსტი წაიკითხა. გავრცელებულ ინფორმაციას ასევე აბსურდს უწოდებენ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურშიც:
“ზეწოლაზე საუბარი აბსურდია, თეა წულუკიანის მიერ განხორციელებული ზეწოლა ხომ საერთოდ ზღაპარია”.
ირმა ინაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ, მისი აზრით, ჯოლოხავაზე ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას მხარემ ზეწოლა განახორციელეს და ჩვენება შეაცვლევინეს:
“ვსვამ კითხვას, სად არის გოდერძი ჯოლოხავა დღეს? [ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ] 2 თვის განმავლობაში არაერთგზის მივმართე პროკურატურას, რომ ის დაეკითხათ, ძლივს დაკითხა კბილაშვილამა, თუმცა მის მიერ პროკურატურისთვის ჩვენების მიცემის პროცესს მე არ დავსწრებივარ. მე ვითხოვდი, რომ გამოეყოთ დაცვა ჯოლოხავასთვის და ჩაესვათ მოწმეთა დაცვის პროგრამაში, უარი მივიღე ამაზე, არ არის ამის საშუალება, იქნებ ობიექტივმა დაიცვას ეს მოწმეო. ჩვენ ვიცავდით გოდერძი ჯოლოხავას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მერე მან მითხრა, რომ ბაჩო ახალაიას მხარემ და მეგის ქარდავამ გაიგესო [რომ მან მათ წინააღმდეგ პროკურატურას ჩვენება მისცა], მიმდინარეობს თვალთვალი და დევნაო, ეშინოდა. ამის შემდეგ კიდევ მივმართე პროკურატურას, რომ დაცვა გამოეყოთ, ისევ მივიღე უარი და მოხდა თავდასხმა გოდერძი ჯოლოხავაზე. უკანასკნელად დაახლოებით 6 თვის წინ დამიკავშირდა ჯოლოხავა და მითხრა, რომ უნდა დაეტოვებინა ქვეყანა, რადგან დასდევდნენ, არ გრძნობდა თავს დაცულად და გავიდა ქვეყნიდან. ბოლოს მე მესაუბრა და მითხრა, რომ ოდესაში იყო და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა. სულ მაინტერესებდა, სად იყო ჯოლოხავა. პროკურატურა, რომელსაც ეს ამბავი უნდა მოეკითხა, არ ვიცი, პეპლების ჭერით იყო დაკავებული იმ პერიოდში. მე ვიფქრობ, რომ ადგილი ჰქონდა ჯოლოხავაზე ზეწოლას, რომელსაც ჩვენება შეაცვლევინეს და, მეორე მხრივ, არჩილ კბილაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა თანამდებობრივ დაუდევრობას ამ საქმესთან მიმართებაში. მე ვშიშობ, რომ ახლა ჯოლოხავა, შესაძლოა, ცოცხალიც არ არის”, – ამბობს ინაშვილი და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჯოლოხავა თეა წულუკიანსა და არჩილ კბილაშვილს მართლაც შეახვედრა, თუმცა არა იმ მიზნით, რაზეც ეს უკანასკნელი ანი ნადარეიშვილის მიერ გავცელებულ ვიდეოში აპელირებს. ინაშვილის მტკიცებით, წულუკიანთან და კბილაშვილთან შეხვედრას ჯოლოხავა თვითონ ითხოვდა უსაფრთხოების გარანტიების მიღების მიზნით, მეტიც მისი პირობა იყო, რომ ხსენებული ინტერვიუ ეთერში მხოლოდ მას შემდეგ გავიდოდა, რაც იგი აღნიშნული თანამდებობის პირებისაგან გარანტიებს მიიღებდა:
“ქალბატონმა თეამაც და არჩილ კბილაშვილმაც მოუსმინეს ჯოლოხავას, დაუსვეს შეკითხვა, იყო თუ არა ის მზად, რომ მიეცა ჩვენება, მან უთხრა, რომ იყო მზად და შემდეგ დავიშალეთ. გამოძიება უნდა დაწყებულიყო იმისათვის, რომ გაგვეგო, ეს კაცი რასაც ამბობდა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, მაგრამ გამოძიება კი არა ჯოლოხავაც გაწირა ამ ხელისუფლებამ. ასეთი ათასობით მოწმეა, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ათასობით ჩვენება მისცა პროკურატურას, ყველა ამ ადამიანის შესახებ ინფორმაციას იგებენ ხოლმე ნაციონალური მოძრაობის ის ლიდერები, რომელთაც ჩვენების მიმცემი ადამიანები ამხელდნენ, გამოდის, რომ დღეს ყველა მათგანი დაუცველია”.
ირმა ინაშვილი იმასაც ადასტურებს, რომ ჯოლოხავა პირველად სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა გააცნო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდა ინტერვიუს ორგანიზება, ჟურნალისტი ამბობს, რომ შესაბამისი სურვილი მისი კითხვის შემდეგ ჯოლოხავამ გამოთქვა.
ნეტგაზეთის კითხვას, როგორ მოახერხა მან ჯოლოხავას ჯერ წულუკიანთან და შემდეგ კბილაშვილთან შეხვედრის ორგანიზება, გამომდინარე აღნიშნული პირების მაღალი თანამებობიდან, ინაშვილი ასე პასუხობს:
“იმ პერიოდში ასობით ადამიანი მიდიოდა პროკურატურაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე და ასეთი მოწმე ბევრი არ იყო, რომელიც დეტალებში ყვებოდა, მაგალითად, იმას, თუ როგორ აწამეს კოჭოია, როგორ ახორციელებდა ზეწოლას პატიმრებზე დეპუტატი დავით საყვარელიძე. ჩვენების და მოწმის ნაამბობის მნიშვნელობიდან გამომდინარე შედგა ეს შეხვედრები”.
ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი ნეტგაზეთთან საუბარში სასაცილოს უწოდებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჯოლოხავამ ვიდეო–ინტერვიუში ჩვენება ახალაიას ახლობლებისაგან წამოსული ზეწოლის გამო შეცვალა. მისი თქმით, ინტერვიუ, რომელიც ბაჩო ახალაიას ცოლმა დღეს გამოაქვეყნა, რამდენიმე თვის წინ ჩაიწერა საქართველოში და მისი ინიციატორი თავად ჯოლოხავა იყო, თუმცა ადვოკატი არ ფლობს ინფორმაციას, სად არის დღეს მოწმე.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის N1 დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების საქმეზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩანა ახალაია და ქ.თბილისის N7 საპყრობილის ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა.