ახალი ამბები

აფხაზეთში “მაკდონალდსის” გახსნა თემურ ჭყონიას სურს

13 იანვარი, 2014 •
აფხაზეთში “მაკდონალდსის” გახსნა თემურ ჭყონიას სურს

ამასთანავე, ვებ-გვერდზე განთავსებულია განცხადება, რომელშიც წერია:

 

“მომავალში ჩვენ შეიძლება გადავდგათ ნაბიჯები ფრანჩიზების [პარტნიორი, რომელსაც კომპანიის ლოგოსა და ბრენდის გამოყენებით უფლება აქვს პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაყიდოს] მოსაძიებლად იმ ბაზრებზე, სადაც ამ დროისთვის არ ვართ წარმოდგენილი, მათ შორის აფხაზეთში”.

 

საქრთველოში მაკდონალდსის სწრაფი კვების ობიექტების ფრანჩიზის მფლობელი – თემურ ჭყონია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მომხდარი “პრიმიტიულმა შეცდომამ” გამოიწვია:

“მე სულ ახლახან ველაპარაკე მაკდონალდსის მთავარ ოფისში იურისტს, რომელიც გადმომიგზავნის [დოკუმენტაციას], თუ რატომ მოხდა ეს ამბავი. ძალიან შეწუხებულები არიან, ეს შემიძლია გითხრათ. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, თითქმის უვადო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მაკდონალდსის მშენებლობის ფრანჩიზი მეკუთვნის მე. ჩემი აზრით, ძალიან პრიმიტიული შეცდომაა. ახსნა ჯერ მათგან არ მიმიღია, თუმცა მივიღებ. მალე აბსოლუტურად ყველაფერი მეცოდინება. ჩემს გარეშე მაკდონალდსის საქართველოს ტერიტორიაზე აშენება გამორიცხულია. სიტყვაზე, აფხაზეთი დამოუკიდებელი რომც გახდეს, მაინც ვერ აშენდება ჩვენს გარეშე იმიტომ, რომ ეკონომიკური რუკა როცა შეიქმნა, მაკდონალდსს, კოკა კოლასა და ჩემ შორის, იქ აფხაზეთი ჩემს ბიზნეს არეალში მოხვდა. ეკონომიკური რუკა კი განსხვავდება პოლიტიკური რუკისაგან”, – აცხადებს ჭყონია და დასძენს, რომ აფხაზეთში მაკდონალდსის, ასევე, კოკა კოლისა და კასტელის პროდუქციის შეტანის იდეა პირადად მას აქვს:

“მე ძალიან სერიოზული გეგმები მაქვს. ოლიმპიადის მერე ვაპირებ მოლაპარაკებას აფხაზეთის მხარესთან. ვაპირებ შეხვედრის დანიშვნას. ეს [შეხვედრის დანიშვნა] ჯერ მიღწეული არ მაქვს, მაგრამ ალბათ მივაღწევ, ისეთი იმპულსებია იქიდან. ოლიმპიადა რომ დამთავრდება სოჭში, მერე ჩავალ იქ და ავუხსნი დეტალურად ყველაფერს. მინდა შევთავაზო კოკა კოლის თემაც, რადგან იქ არალეგალურად შედის რუსეთიდან. ასევე მინდა შევთავაზო მაკდონალდსის მშენებლობა, რაც ჩემი აზრით, ძალიან უნდა მოეწონოთ. კასტელის თემაც მინდა შევთავაზო”, – ამბობს ჭყონია.

ნეტგაზეთის კითხვას, რამდენად მოექცევა მისი პოტენციური ბიზნესსაქმიანობა აფხაზეთში საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ფარგლებში, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბიზნესსაქმიანობისათვის გარკვეული რეგულაციებს აწესებს, ბიზნესმენი ასე პასუხობს:

“მე მაქვს ასეთი გეგმა, რამდენად გამლანძღავენ არ ვიცი, მაგრამ მაქვს გეგმა, რომ ჯერ შევთავაზო აფხაზეთის მხარეს, შემდეგ ჩამოვიდე, შევხვდე ჩვენი მთავრობის წევრებს, ან თავმჯდომარეს და მოვახსენო არსებული სიტუაციის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას ეკონომიკური ურთიერთობების მხრივ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. მე ასეთი შეხედულება მაქვს, რამდენად შეაფასებთ ბიზნესშეხედულებას, ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკას, ეს უკვე თქვენი ნებაა”.

კითხვას, რა აზრი აქვს მთავრობის წევრებთან საუბარს, თუ საქმიანობა კანონის ფარგლებში არ ჩაჯდება, იგი პასუხობს:

“ყველა კანონი იცვლება, კონსტიტუცია იცვლება ყოველ კვირას და არ შეიძლება, რომ კანონსაც გადახედონ და მივიდეთ ისეთ მომენტამდე რომ რაღაც გადავლახოთ…. ასე როგორ შეიძლება, ასეთი ურთიერთობა ხომ შეუძლებელია”.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ საქართველოს მთავობასთან ჯერ დეტალური მოლაპარაკებები არ დაუწყია, რადგან აფხაზეთიდან არ აქვს “ზურგი გამაგრებული”, თუმცა დასძენს, რომ ხელისუფლებაში მისი აზრი იციან.

მასალების გადაბეჭდვის წესი