როგორც კვირტია აცხადებს, გია კაკაჩია გუშინ უსახლკაროთა თავშესაფარში მივიდა და დაინტერესდა იქ მცხოვრებთა მოსაზრებით კარავში არსებული პირობების შესახებ, ხოლო მას შემდეგ, რაც თავშესაფრის ბინადრებმა მას უთხრეს, რომ პირობები არადამაკმაყოფილებელი იყო, კაკაჩიამ კარვების დატოვებისკენ მიუთითა:
“ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მოვიდა და გვკითხა, თუ რა პირობებში ვიყავით, ჩვენ ვუთხარით, რომ აქ არის ტილები და ანტისანიტარია და დროულად არ გვაძლევენ წამლებს, მან კი გვიპასუხა, ზოგიერთი თქვენგანი ქუჩაში ცხოვრობდა, ხოლო ზოგიერთი ციხეში, და თუ არ მოგწონთ აქაურობა, აქედან წადითო”, –ამბობს კვირტია.
გია კაკაჩიას თქმით კი, ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და ზემოხსენებული ბრალდება სასაცილოა:
“რამდნეიმე პირმა მითხრა, ქუჩაში უფრო კარგი პირობებია, ვიდრე აქ არისო, მე კი ვუთხარი, რომ ეს არ არის დახურული ტიპის დაწესებულება და მათ ჰქონდათ ამ ადგილის დატოვების უფლება. სასაცილოა ეს ბრალდება”, – აცხადებს გია კაკაჩია.
მისივე თქმით, ადგილზე მონიტორინგს ახორციელბენ, არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, არამედ არასამთავრობო სექტორიც:
“მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ანტისანიტარია არ არის. დაავადებულებს მკურნალობენ, ვინც საჭიროა საავადმყოფოში გადაგვყავს, ხოლო როცა ქრონიკულ დაავადებებთან გვაქვს საქმე, ადგილზე ხდება მკურნალობა.”
ზვიად კვირიტამ ზემოხსენებულის შესახებ ინფორმაცია დღეს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს მიაწოდა.
კვირტიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ მას უკვე ერთ კვირაზე მეტია ექიმმა მედიკამენტები გამოუწერა, თუმცა მას წამლები დღემდე არ მიუღია.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი დროებითი თავშესაფრების მონიტორინგს მუდმივად განახორციელებს, ერთი შეხედვით კი კარვებში ყველა ნორმა დაცულია:
“ჩვენ დღეიდან ვიწყებთ თავშესაფრის მონიტორინგს, გვინდა, რომ შევამოწმოთ აბსოლუტურად ყველაფერი, აქ საუბარი არის როგორც კვებაზე, ასევე იმაზე, რამდენად არის გათბობა უზრუნველყოფილი, სანიტარულ–ჰიგიენური წესები დაცული. ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ კეთდება მაქსიმუმი, პირობები არის საკმაოდ კარგად დაცული, მაგრამ ეს არის მაინც დროებითი. ჩვენი რეკომენდაცია იქნება შემდეგი, რომ უნდა არსებობდეს ქვეყანაში გაცილებით უფრო სრულყოფილი მუდმივი თავშესაფარი, სადაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს ის სერვისები, რაც აქ არის გათვალისწინებული”, – განაცხადა ნანუაშვილმა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსიტრმა დავით ნარმანიამაც, რომელმაც დღეს კარვები სახალხო დამცველთან ერთად მოინახულა:
“პრეტენზიებთან დაკავშირებით მინდა ძალიან მკაცრად ვთქვა და ყველას მოვუწოდო, რომ ის, ვინც მოტივირებულია და ის, ვინც აკეთებს იმას, რომ ელემენტარული ხარვეზი რაც არის, წარმოაჩინოს ყველაზე დიდ პრობლემად, ნამდვილად აკეთებს არასაქვეყნო საქმეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი დაინტერესებული ორგანიზაცია მოვიწვიოთ, ვაჩვენოთ ყველაფერი. გარკვეული კატეგორია ცდილობს, რომ ჭიანჭველა აქციოს სპილოდ, თუმცა ეს ნამდვილად ასე არ არის, ჩვენ ყოველკვირეულად ვაუმჯობესებთ ამ ადამიანების მდგომარეობას და მაქსიმუმს ვაკეთებთ”, – აცხადებს ნარმანია. მისი თქმით, სწორედ ამის გამი მიიღეს გადაწყვეტილება გრძელვადიან თავშესაფრებთან დაკავშირებით.



