შეხვედრამ კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩაიარა და ილია მეორემ ბიზნესის დაწყების მსურველებს რჩევებიც მისცა. მანვე ბიზნესის განვითარებითა და სამუშაო ადგილების შექმნით დაინტერესებული ადამიანებისათვის ლექციების კურსები დააანონსა, რომელსაც საპატრიარქოს ინიციატივით, “ცნობილი ბიზნესმენები ჩაატარებენ და მოქალაქეებს თავის გამოცდილებას გაუზიარებენ”. ილია მეორემ დღევანდელ შეხვედრაზე აქცენტი ძირითადად სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გაამახვილა:
“ჩვენ შეჩვეული ვართ უსაქმობას. ადამიანი ეჩვევა ყველაფერს – უსაქმობასაც, სიღარიბესაც. სიღარიბემ შეჩვევა იცის. იმ დროს, როცა შიმშილი იყო საბჭოთა კავშირში, რუსეთიდან ჩამოდიოდა მშიერი ხალხი, თუმცა მრავალ ოჯახს ჰქონდა საჭმელიც, სასმელიც, ყველაფერი. მე მახსოვს, რომ ჩვენს ოჯახს ჰქონდა ძალიან ბევრი კარტოფილი, ღორის სალა, მწნილი კიტრის, პომიდვრის, კომბოსტოს. არაფერი უჭირდა ოჯახს. თუ ადამიანი გონივრულად მოიქცევა და გონივრულად ხელმძღვანელობს ოჯახს, არ უნდა გაუჭირდეს. მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მინახავს მცირე ბიზნესი – ძალიან იოლი, ძალიან უბრალო. საქმე იმაშია, რომ ვისაც არ ესმის ეს საკითხი, იწყებენ მაღლიდან, იწყებენ იმით, რომ აი, მე უნდა გავხდე მილიონერი, მილიონები უნდა მქონდეს…. სინამდვილეში, პირველი ნაბიჯები არ გაუკეთებია და უკვე მილიონებზე ფიქრობს”, – განაცხადა ილია მეორემ და აშშ–ში მის მიერ 50 წლის წინ განხორციელებული ვიზიტი გაიხსენა:
“ამერიკაში ჩვენ მიგვიყვანეს ერთ დაწესებულებაში, რძის წარმოების ქარხანაში, რომელსაც ორი ძმა ხელმძღვანელობდა, და მათ გვიამბეს, თუ როგორ მიაღწიეს და როგორ მოიპოვეს სიმდიდრე. ესენი იყვნენ გერმანელები, ჩვენ ამერიკაში წასვლა როცა გადავწყვიტეთ, გზის ფულიც არ გვქონდაო, ვისესხეთ ფული და ჩავედით ამერიკაშიო. პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ის, რომ სულ უბრალო საქმეები დავიწყეთო, თითქმის მოსამსახურები ვიყავითო. ვიყიდეთ ერთი ძროხა, მერე კიდევ ვიშრომეთ და ვიყიდეთ ორი, სამი, 100 ძროხაო. შემდეგ ეს ძროხები გავყიდეთ და დიდი მიწის ნაკვეთი შევიძინეთო. ამ ნაკვეთზე ავაშენეთ ეს მზის წარმოების ქარხანაო. დღეს ეს ქარხანა რძის ნაწარმით 5 მილიონ ადამიანს კვებავსო. აი, წარმოიდგინეთ, როგორი ძლიერი ქარხანაა. ახლა უფრო დიდი იქნება. ესენი შეძლებული ადამიანები გახდნენ”.
ილია მეორემ შეხვედრაზე შვედეთში ვიზიტი და იქ ნანახი საწარმოც გაიხსენა:
“ვიყავით შვედეთში, შვეცია უმდიდრესი ქვეყანაა. ხანდახან ამბობენ, რომ ამერიკაზე მდიდარიაო. რით გამდიდრდა?! თავისი გონივრული დაგეგმარებით. ჩვენთან მოვიდა ერთი რუსი კაცი, რომელიც ტყვედ ჩავარდა, მერე მოხვდა შვედეთში, შეირთო შვედი ცოლი და იქ ერთად გააკეთეს ძალიან მცირე წარმოება. რაში გამოიხატებოდა ეს წარმოება?! ყიდულობდნენ ერთდღიან წიწილებს, იმათ აჭმევდნენ 4 კვირა და მერე აბარებდნენ ხორცს მაღაზიაში. ეს იყო სულ მათი წარმოება. ყველაფერი დამათვალიერებინეს. ეს იმდენად იოლი და უბრალოა, რომ ნებისმერი თქვენგანს შეუძლია თავის ეზოში გააკეთოს. მე ვკითხე, ძნელია თუ არა წიწილების აღზრდა, თუ გეხოცებათ–მეთქი, და 100–დან მხოლოდ სამი–ოთხიო. ეს თითქმის არაფერია. რა პირობები უნდა შექმნა ამისთვის–მეთქი, და მათ ჩამოთვალეს ოთხი პირობა: პირველი და აუცილებელი, უნდა იყოს გამდინარე წყალი, მეორე – სპეციალური საკვები, მესამე – ყოველ კვირას კედლებს ვათეთრებთ კირითო, კირით დეზინფექცია კეთდება და მეოთხე, ვენტილიაცია, ანუ სუფთა ჰაერი. ამით ეს ოჯახი გახდა მილიონერი. ჩვენთანაც იყიდება წიწილებიც, საკვებიც, ამის მოწყობა სულ ადვილია. კვირაში აბარებდნენ 500–700 კილოგრამ ხორცს. ასეთი მაგალითები ბევრია”, – აღნიშნა ილია მეორემ და ტიტების ბიზნესზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ჰოლანდიაში ყვავის:
“მე გახლდით ჰოლანდიაში. ეს იყო მაისის დასასრული. მე ვთხოვე, მაჩვენეთ–მეთქი პლანტაციები, წავედით და ვნახეთ ათასობით ჰექტარი სხვადასხვა ფერის ტიტები. იმათ მითხრეს, რომ საქართველოდან ჩამოდიან მინისტრებიო, მრავალი წოდების ხალხიო და არც ერთს უთქვამს, რომ პლანტაციები მაჩვენეთო. პირველი შემთხვევაა, როცა ეს საქართველოს პატრიარქმა მოითხოვაო. ჩამოდიან უზარმაზარი გეგმებით და ის პირველი ნაბიჯი როგორ გააკეთონ, იმას არ ფიქრობენ.
ადამიანი როცა რაღაცას აკეთებს, წრე უნდა შეკრას. თუნდაც ეს წიწილების მაგალითი. უნდა იცოდე ის სპეციალური მანქანა, რომელიც პუტავს, ბუმბულს აცლის, მერე ამას დამუშავება უნდა. ეს წრე უნდა უნდა შეიკრას, რომელიც ნაწარმის რეალიზაციით უნდა დასრულდეს. ზოგიერთი წარმოებას იწყებს და საერთოდ გაიყიდება თუ არა [პროდუქცია], ესეც საკითხავია. ჰოლანდიაში მითხრეს, რომ საქართველო ასეთი დიდი ქვეყნის, რუსეთის გვერდით ცხოვრობს, ეს დიდი ბაზარია, მიხედეთო. ჰოლანდია ამით გამდიდრდაო. ტიტები ჰოლანდიელებს თურქეთიდან გადმოუტანიათ. მერე სელექცია აწარმოეს, ახალი ჯიშები გამოიყვანეს. საოცარი კიდევ ის არის, რომ ჰოლანდიის მიწის დიდი ნაწილი ზღვის დონეზე დაბლაა, მიწას ზღვას ართმევენ. ქარის წისქივილები რომაა, ალბათ გინახავთ ფოტოსურათებზე, მე მართლა წისქვილი მეგონა, ქარზე რომ ტრიალებს… ჩვენ იქაც შეგვიყვანეს, თურმე ეს ყოფილა ხორცის საკეპი მანქანის მსგავსი, ის ტრიალებს და მიწა ამოაქვს. სინამდვილეში მიწის მოსაპოვლებლად ყოფილა ის ქარის წისქვილი”, – აღნიშნა მან.
ილია მეორის განცხადებით, მთავარია ადამიანს შრომა უყვარდეს და ყველა პრობლემას დაძლევ:
“სოფლებში ხშირი შემთხვევაა, როცა საკარმიდამო არ არის მოხნული, დამუშავებული… რა უნდა იმის დამუშავებას?! ძველად ჩვენი ხალხი ოცნებობდა… მე გამიგონია უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორისგან, ჩვენ ვოცნებობდით, რომ ერთი დღის სახნავ–სათესი მოგვცეს ღმერთმაო და არაფერი გაგვიჭირდებაო. ახლა გვაქვს და აღარ ვამუშავებთ, იქ ტრაქტორი არ არის, იქ ბენზინი არ არის. ჩვენ თუ არ მივხედეთ საკუთარ თავს, არც უცხოეთი გვიშველის და არც არაფერი. ჩვენ თვითონ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, მე რას ვაკეთებ, რა მომაქვს ჩვენი ქვეყნისთვის.
ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს ღვინის საქმეში, თითქმის არც ერთი ქვეყანა არ არის ასეთი მდიდარი. ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს წყალში, რომელიც უხვად გვაქვს. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ჩვენ ვერ ვხედავთ და ვამბობთ, რომ სამუშაო ადგილები არ არისო. სინამდვილეში ყველაფერი გვაქვს. ღმერთმა უხვად მოგვცა ყველაფერი.
ვინც ივლის იმ ლექციებზე, რომელიც მომავალში ჩატარდება, მას ექნება საშუალება გაეცნოს ცნობილი ბიზნესმენების [გამოცდილებას], როგორ მიაღწიეს მათ, რა გააკეთეს. თქვენ თვითონაც უნდა იფიქროთ, შვათ ახალი იდეები. ვილოცოთ, ვიფიქროთ, ვშვათ ახალი იდეები და ვიშრომოთ. პირველი ლოცვაა, მერე ფიქრია, ამ ფიქრის შედეგად ახალი იდეები დაიბადება და შემდეგ ვიშრომოთ”, – განაცხადა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა.
ლექციების ზემოხსენებული კურსის შესახებ პატრიარქმა მისი ინიციატივის შესახებ საკვიარაო ქადაგებისას ისაუბრა, თუმცა საპატრიარქოს პრესსამსახურში არ ფლობენ ინფორმაციას, კონკრეტულად რომელი ბიზნესმენები გაცნობენ დაინტერესებულ მოქალაქეებს თავის გამოცდილებას. როგორც ნეტგაზეთს საპატრიაქოს პრესცენტრში უთხრეს, ჯერ სტრუქტურულად ეს ჯგუფი ჩამოყალიბებული არ არის. მსგავსი ტიპის შეხვედრა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში 15 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.