ახალი ამბები

ოპერის თეატრის დასის ნაწილი რეპეტიციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

12 იანვარი, 2014 •
ოპერის თეატრის დასის ნაწილი რეპეტიციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმესაათიანი შეხვედრა გაიმართა თეატრის დირექტორთან, გოგი კილაძესთან. დასის წარმომადგენლებს სურთ, რომ მათ თავად აირჩიონ სამხატვრო ხელმძღვანელი:

 

“მთელ ორკესტრს, აბსოლუტურ უმრავლესობას, ორკესტრის 140 კაცს და გუნდის დიდ უმრავლესობას აქვს მხოლოდ ერთი აზრი, ოპერის თეატრში თვითონ დასმა აირჩიოს სამხატვრო ხელძღვანელი, ჩატარდეს არჩევნები და ამის შემდგომ, ჩვენსავე არჩეულ სამხატვრო ხელმძღვანელზე ვაგოთ პასუხი. იქნება დროებითი მმართველი საბჭო, რომელიც გადაიბარებს ამ ხელისუფლებას”.– ამბობს გოჩა დათუსანი. 

 

ოპერის თეატრის დასის კიდევ ერთი წევრი ზაალ ხელაია აცხადებს, რომ რეპეტიციები არ ჩატარდება, სანამ გიორგი ჟორდანია არ გადადგება. თუმცა დასში არიან წევრები, რომლებიც გიორგი ჟორდანიას მხარს უჭერენ. ხათუნა ჭოხონელიძე ამბობს, რომ გიორგი ჟორდანიას თანამდებობის დაკავება თეატრის მუსიკალური ხელმძღავნელს და დირიჟორს, ჯანლუკა მარჩანოს სურს. 

 

“საიდან გაჩნდა ეს აზრი? მე არც კი მსმენია ამის შესახებ. სამხატვრო ხელმძღვანელი არჩევნების შედეგად უნდა აირჩეს და ამ გადაწყვეტილებას ოპერის დასი მიიღებს. ჩემი კანდიდატურა კი ნამდვილად არ განიხილება”, – ამბობს მარჩანო. 

 

ოპერის თეატრის დასის თანამშრომლებმა პროტესტი გუშინ, 11 იანვარსაც გამოხატეს. ისინი თავად გიორგი ჟორდანიასაც შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. დასის წევრები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, რის გამოც მათ არ მოსწონთ ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი, მათ შორისაა არაკომპეტენტურობა და ერთპიროვნული მართვის სტილი. პროცესებში ჩართულია კულტურის სამინისტროც. უწყების პოზიცია, მინისტრის მოადგილის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი